Accessibility links

ბახტაძე: რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის სწორი სიგნალი იქნება სამხედრო ძალების გაყვანა


მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და თავისი სამხედრო დანაყოფები გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან. მთავრობის ადმინისტრაციაში 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძეს კონკრეტულად არ უხსენებია რუსეთის პრემიერ-მინისტრის, მედვედევის ამასწინანდელი ინტერვიუ „კომერსანტთან,“ სადაც მან თქვა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის მისი სურვილის შემთხვევაში, თუმცა, როგორც ბახტაძემ თქვა, მოისმინა „განცხადებები, რომ არსებობს სურვილები, აღდგეს საერთაშორისო ურთიერთობები.“ პრემიერ-მინისტრის თქმით, პასუხი ძალიან მარტივია და ურთიერთობების ნორმალიზების დასაწყებად ყველაზე სწორი სიგნალი იქნება საქართველოდან რუსული სამხედრო დანაყოფების გაყვანა. ამავე ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიაზე საქართველის პასუხია მშვიდობა, ძლიერი სახელმწიფოს და ევროპული ინსტიტუტების მშენებლობა და საქართველოს დაბრუნება ევროპულ ცივილიზაციაში. პრემიერ-მინისტრმა საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღეები უწოდა 10 წლის წინ, რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობაზე მიტანილ მორიგ აგრესიას, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი, ათობით ათასი ადამიანის დევნილობა და ოკუპაცია. მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოში მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მას აღარაფერი უნდა დაემუქროს და მშვიდობა და ძლიერი და ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობაა ერთდერთი უალტერნატივო შეთავაზება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის. პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა რუსეთთან ომის მეათე წლისთავზე საქართველოს მხარდასაჭერად ჩამოსულ პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და უკრაინის ვიცე-პრემიერს და ყველა მეგობარ ქვეყანას და საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებმაც ამ დღეებში კვლავ გააკეთეს საქართველოსა და მისი ფასეულობების მხარდამჭერი მკაფიო განცხადებები.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG