Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ამზადებს ზომებს სკრიპალების გამო აშშ-ის დაგეგმილ სანქციებზე საპასუხოდ


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, მარია ზახაროვა

რუსეთი აცხადებს, რომ ამზადებს ზომებს აშშ-ის ახალ, მოსკოვისთვის „სრულიად მიუღებელ“ სანქციებზე საპასუხოდ. ახალი სანქციების დაწესებას აშშ აპირებს ინგლისში რუსეთის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის გამო. მოსკოვის მკვახე რეაქცია 9 აგვისტოს მოჰყვა სახელმწიფო დეპარტამენტის წინა დღის განცხადებას ახალი სანქციების შესახებ. მანამდე აშშ-მა, ბრიტანეთმა და კიდევ 20-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ათობით რუსი დიპლომატი გააძევეს სკრიპალების მოწამვლაზე რეაგირებისას. ბრიტანეთის გამოძიებას დადგენილი აქვს რუსეთის კავშირი მოწამვლასთან, მაგრამ მოსკოვი ბრალდებას უარყოფს. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ აშშ დაადანაშაულა რუსეთის „დემონიზების“ მცდელობაში და განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება „ამ არამეგობრულ აქტზე“ რეაგირებისათვის. „კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ახალი შეზღუდვების (…) დაკავშირება სოლსბერის საქმესთან“, განაცხადა მანამდე კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა. სოლსბერი არის სამხრეთ ინგლისის ქალაქი, სადაც სკრიპალები მოწამლული იპოვეს. ორივე გადარჩა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG