Accessibility links

ბელორუსიის ხელისუფლებამ გაათავისუფლა დაკავებული ჟურნალისტების უმრავლესობა


მარინა ზოლატავა

ბელორუსიაში პატიმრობიდან გაათავისუფლეს 5 ჟურნალისტი, რომლებსაც ბრალად ედება სახელმწიფო სააგენტოს „ბელტას“ ფასიან ინფორმაციაზე უკანონო წვდომა. 9 აგვისტოს საღამოს, მინსკის იზოლატორი დატოვეს ინტერნეტპორტალის, Tut.by-ს მთავარმა რედაქტორმა, მარინა ზოლატავამ და ამავე გამოცემის ჟურნალისტებმა, ანა კალტიგინამ და ანა ერმაჩონოკმა, გაზეთ „ბელორუსები და ბაზრის“ ინტერნეტსაიტის რედაქტორმა, ალექსეი ჟუკოვმა და სააგენტო БелаПАН-ის კორესპონდენტმა, ტატიანა კარავიანკოვამ.

მინსკის იზოლატორიდან გათავისუფლებულმა მარინა ზოლატავამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მას ბრალი წაუყენეს სამსახურებრივ გულგრილობაში. ბელორუსიის საგამოძიებო კომიტეტი ირწმუნება, რომ ზოლატავამ გამომძიებლებთან აქტიურად ითანამშრომლა და აღიარა, რომ მისი თანამშრომლები უკანონოდ იყენებდნენ სააგენტო „ბელტას“ ფასიან ინფორმაციაზე წვდომისთვის საჭირო რეკვიზიტებს.

მინსკის იზოლატორში რჩებიან სააგენტო БелаПАН-ის მთავარი რედაქტორი ირინა ლევშინა და მიმომხილველი ტატიანა კოროვენკოვა და გერმანული მაუწყებლის, Deutsche Welle-ს რუსული რედაქციის კორესპონდენტი პავლიუკ ბიკოვსკი.

ამ კვირაში მინსკში სულ 16 ჟურნალისტი დააკავეს. მათგან 8 იზოლატორში გადაიყვანეს. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომლებსაც ბელორუსიის ხელისუფლება ადანაშაულებს სახელმწიფო სააგენტოს, „ბელტას“ ფასიან ინფორმაციაზე უკანონო წვდომაში, ამ ბრალდებას უარყოფენ. დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაკავება მკაცრად დაგმეს საერთაშორისო უფლებამდამცველმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც ლუკაშენკოს მთავრობა დაადანაშაულეს კრიტიკულად განწყობილი მედიის დევნაში.

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG