Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიფორნიაში დააკავეს ხანძრის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი


კალიფორნიის შტატის სამხრეთში დააკავეს ხანძრის ერთ-ერთი კერის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი, 51 წლის ფორესტ გორდონ კლარკი. ხანძარმა, რომლის გამოც კლარკს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ორინჯის ოლქში გაანადგურა თითქმის 4 ათასი ჰექტარი ტყე და 12 სახლი, მათ შორის ეჭვმიტანილის საცხოვრებელიც. პოლიციის ინფორმაციით, კლარკმა, რომელმაც სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენით დაასრულა მეზობლებთან მრავალწლიანი დავა, ორინჯის ოლქის მოხალისე მეხანძრეთა ჯგუფის ხელმძღვანელს გაუგზავნა ელექტრონული წერილი სიტყვებით: ეს ადგილი დაიწვება. დაკავებისას ფორესტ გორდონ კლარკმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, ამიტომ დაუმორჩილებლობის ბრალდებაც წაუყენეს.

ორი კვირაა ხანძარი მძვინვარებს „მენდოსინოს“ ეროვნულ ტყე-პარკსა და შასტის ოლქშიც. „მენდოსინოში“ ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ჰაერის მაღალ ტემპერატურას ასახელებენ, შასტის ოლქში კი გამოძიებამ დაადგინა, რომ ცეცხლი საბურავის დაწვის გამო გავრცელდა. ორ კვირაში სტიქიამ გაანადგურა სულ მცირე 242 000 ჰექტარი ტერიტორია. კალიფორნიის სახანძრო სამსახურმა შტატის ისტორიაში უძლიერესი ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით შეძლო ცეცხლით მოცული ტერიტორიის მხოლოდ ნახევარზე. ვარაუდობენ, რომ ხანძარი სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება. სტიქიასთან ბრძოლაში ჩართულია 14 ათასამდე პროფესიონალი მეხანძრე და მოხალისე. ცეცხლის კერების ჩაქრობას ჰაერიდან ცდილობს სახანძრო ავიაცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG