Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა წვიმამ სამეგრელოს რეგიონი დააზარალა


ძლიერი წვიმის შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხებიდან წყალი გადმოვიდა და სახლების ეზოები დატბორა. სენაკის მერის, ლევან კუპრეიშვილის ინფორმაციით, ეზოები დაიტბორა ჭავჭავაძის და რუსთაველის ქუჩებსა და „ძველი სენაკის“ ტერიტორიაზე მდებარე საჩიქობავოს უბანში. „საჩიქობავოს უბანში პრობლემები ყოველთვის იყო, ამიტომ დაწყებული გვქონდა დამცავი ნაგებობის მშენებლობა“ - განაცხადა კუპრეიშვილმა. მისივე თქმით, შექმნილი ვითარების გამო მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. რაც შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებს, მერის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ ძირითადად, გზები დააზიანა და ცნობები სახლების დატბორვის, ან მოსავლის განადგურების შესახებ ჯერჯერობით არ მიუღიათ. ძლიერმა წვიმამ თხილის მოსავლის ნაწილი გაანადგურა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში. ადიდებულმა ღელემ დატბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. მარტვილის მერის წარმომადგენლის, დავით ხუხუას ინფორმაციით, დატბორილია ოცდაათამდე საცხოვრებელი სახლი და დანგრეულია ხიდ-ბოგირები. დავით ხუხუას ცნობითვე, ადგილზე მობილიზებულნი არიან სპეციალური სამსახურების წარმომადგენლები და ტექნიკა. დილის შემდეგ სოფელში წყლის დონემ შედარებით დაიკლო. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდის, ხობის და აბაშის მუნიციპალიტეტებშიც და ქალაქ ფოთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG