Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციური გაერთიანება ცესკოს ბრალს სდებს არჩევნების გაყალბებისთვის მზადებაში


გიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ათი ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილი გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისგან მოითხოვს განმარტებას, რა პრინციპით ინიშნებიან საოლქო კომისიების დამოუკიდებელი წევრები. გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველივე გადაწყვეტილებებით დაიწყო ტოტალური გაყალბების საარჩევნო მექანიზმის ჩამოყალიბება საარჩევნო ადმინისტრაციაში და ფაქტობრივად გადააბარა საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება რაიონებში „ქართული ოცნების“ შტაბებს და სუს-ის წარმომადგენლებს.“

ვაშაძის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელი წევრების 76 ვაკანსიაზე ყოველგვარი გასაუბრების გარეშე დანიშნეს „ქართული ოცნების“ შტაბის წევრების, სუს-ის მაღალჩინოსნების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომლების მეუღლეები და ოჯახის წევრები. გიორგი ვაშაძის განცხადებით, თბილისის საბურთალოს ოლქის საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ წევრად დაინიშნა კრწანისის ოლქის თავმჯდომარის ცოლი, მაია ფეტვიაშვილი, ისნის ოლქში „ქართული ოცნების“ შტაბის წევრის გრიგოლ გოგუას ცოლი ფიქრია ნიკოლაიშვილი, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თელავში დანიშნა მაზლის ცოლი ლეილა სიბაშვილი, მესტიაში სუს-ის ხელმძღვანელის ცოლი მარინა ბენდელიანი დაინიშნა ლენტეხის საოლქო კომისიის წევრად, ხოლო ამბროლაურში დაინიშნა „ქართული ოცნებიდან“ წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის ცოლი, ქეთევან ბაღაშვილი. ვაშაძემ ცესკოს მიმართა, რომ არ გაუვა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG