ავტორი: თამთა ბიბილაშვილი
ღრმად ჩამარხული ისტორიის კვაკდაკვალ
15 აგვისტო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია კორეის ისტორიაში. 1949 წელს ეს დღე სახელმწიფოში უქმე დღედ დამტკიცდა და აღინიშნება როგორც კორეის რესპუბლიკაში (სამხრეთ კორეა) , ისე კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში (ჩრდილოეთ კორეა). აღნიშნულ დღეს მოიხსენიებენ, როგორც კორეის დამოუკიდებლობის, რამდენიმე ათეული წლის იაპონური ოკუპაციისგან გათავისუფლების დღედ, კორეულად კი „გვანგბოკჯოლ“-ი ეწოდება (광복절) ამ სიტყვის ქართული თარგმანი ასე ჟღერს- „დღე, როდესაც სინათლე დაბრუნდა“.
მეორე მსოფლიო ომის ოფიციალურად დამთავრების შემდეგ, 1945 წლის 15 აგვისტოს, იაპონიის 35 (1910-დან 1945-მდე) წლიანი ბატონობაც დასრულდა კორეაზე. უამრავი კორეელი აქტივისტი თავს არ იზოგავდა და გამუდმებით ებრძოდა უსამართლობას, მათ მხოლოდ ერთი მიზანი აერთიანებდათ- დაებრუნებინათ დამოუკიდებლობა საყვარელი სამშობლოსთვის! ათასობით ადამიანი შეეწირა უმოწყალო ხოცვა-ჟლეტას, მაგრამ საბოლოოდ მათი ოცნება ახდა- კორეამ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. საინტერესოა, რომ ამის შემდეგ კორეის ისტორია ორად გაიყო, ჩრდილოეთ კორეის ისტორიის ჩანაწერებში შეიმჩნევა, სსრკ-ს 25-ე დაჯგუფების დიდი წვლილი, რომელმაც კიმ ირ სენის ხელმძღვანელობით დაამარცხა იაპონური ჯარი. ხოლო სამხრეთკორეული წყაროები დიდ დამსახურებას მიაწერს ანტი-ჰიტლერულ კოალიაციას, რომლისგანაც გამოყოფს აშშ-ს გადამწყვეტ როლს.
სამხრეთ კორეაში გათავისუფლების დღისადმი მიძღვნილი მარში, სხვადასხვა ღონისძიებები და აქტივობები დღესაც იმართება. კორეელებისთვის ეს დღე დასვენების დღეა, საცხოვრებელი სახლების ფანჯრებიდან გამოფენენ კორეის სახელმწიფო დროშას (태극기 „თეგიგგი“), რითაც გამოხატავენ თავიანთ სიხარულს, სიყვარულსა და პატივისცემას სამშობლოსადმი. ასევე იმართება სამხედრო მარში, კულტურული ღონისძიებები და დამატებითი აქტივობები.
დღესდღეისობოთ სამხრეთ კორეის ახალი ამბების საინფორმაციო ველის პირველ ადგილზე სწორედ აღნიშნული ღონისძიება და პრეზიდენტის მუნ ჯე ინის მიერ წარმოთქმული მოხსენებაა, რომელშიც იგი მადლობას უხდის და განსაკუთრებული მედლებით აჯილდოვებს კორეის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მებრძოლ აქტივისტებს, განურჩევლად სქესისა და ამ აქციებში შეტანილი წვლილისა. პრეზიდენტი ასევე დანარჩენი აქტივისტების ნეშტის აღმოჩენის იმედს იტოვებს.
„როგორც იონგსანი იყო დაკარგული ჩვენთვის წლების წინ, ისე დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიის ნაწილი, მასთნ ერთად კი, სამშობლოსთვის მებრძოლი გმირები ჯერ კიდევ ჩვენ გველოდებიან.“-აცხადებს პრეზიდენტი მუნ ჯე ინი.
პრეზიდენტმა თავისი სიტყვით გამოსვლა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მშვიდობის დამყარებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრით დაასრულა და კიდევ ერთხელ მიულოცა თანამემამულეებს ეს ბრწყინვალე დღე.
დაწერეთ კომენტარი