Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს „ლიბერალის“ რედაქტორზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილე


„ლიბერალის“ რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი
„ლიბერალის“ რედაქტორი ზურაბ ვარდიაშვილი

„ლიბერალის“ რედაქტორ, ზურაბ ვარდიაშვილზე თავდასხმის სავარაუდო მონაწილე დააკავეს. შსს-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, „ლიბერალის“ რედაქტორს ზურაბ ვარდიაშვილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თავდამსხმელის ვინაობა მალევე დაადგინა. ჩატარდა ჟურნალისტის და ინციდენტის თვითმხილველთა გამოკითხვები. ზურაბ ვარდიაშვილმა, საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო, თუმცა პოლიციამ თავდამსხმელის იდენტიფიცირება შეძლო და დააკავა.

ბრალდებულის განცხადებით, თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მას ორმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლ.მ.-ს თქმით, მან მომხდარიდან რამდენიმე დღეში, სოციალური ქსელის დახმარებით მოძებნა მსგავსი გვარი-სახელის და გარეგნობის მქონე პირი, რომელსაც დაუთქვა შეხვედრა, შეხვდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და აცხადებს, რომ მას ჟურნალისტი ზურაბ ვარდიაშვილი სხვა ადამიანში შეეშალა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ზურაბ ვარდიაშვილს თავს დაესხნენ შაბათს, საღამოს 20:30 საათზე. მას ხუთ-ექვს კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ზურაბ ვარდიაშვილი ჰყვება, თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი ავტომანქანით დაინტერესდნენ. ჟურნალისტმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მიმავალი ორი ჯიპი გაჩერდა, საიდანაც რამდენიმეკაციანი ჯგუფი გადმოვიდა და ვარდიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG