Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ჩხეიძემ "პატრიოტთა ალიანსი" დატოვა


საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ დღევანდელ სხდომაზე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტოვებს "პატრიოტთა ალიანსს" და შესაბამისად, ამ პარტიის ფრაქციას "საქართველოს პატრიოტები."

"განსაცდელშია ტელეკომპანია “იბერია," განსაცდელშია “ომეგა ჯგუფში“ დასაქმებული 1500-მდე ადამიანი. ამ მოვლენებმა გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი შეუერთდა. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა “ომეგა ჯგუფის“ მიმართ თანადგომა გამოხატეს მედიისა და ბიზნესის დასაცავად. ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე “პატრიოტთა ალიანსის“ ხმა. ამის გამო გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში" - განაცხადა ნატო ჩხეიძემ. მისი თქმით, პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილების გამო იშლება ექვსწევრიანი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები." პარლამენტში ფრაქციის შესაქმნელად საჭიროა სულ მცირე 6 დეპუტატის გაერთიანება.

ნატო ჩხეიძე ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელი "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის ცოლია. "ომეგა ჯგუფი" ხელისუფლებას ადანაშაულებს კომპანიისთვის ფინანსური პრობლემების შექმნის გზით "იბერიის" ხელში ჩაგდების მცდელობაში. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ "ომეგა ჯგუფი" მედიასაშუალებით მანიპულირებს, რათა თავი აარიდოს საბიუჯეტო დავალიანების გადახდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG