Accessibility links

პოროშენკო: რუსეთი იტყუება, რომ უკრაინა და საქართველო თავს თვითონვე დაესხნენ


პეტრო პოროშენკო გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. ნიუ-იორკი, 2018 წლის 26 სექტემბერი

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ რუსეთი გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან დაადანაშაულა აგრესიაში, სუვერენული ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაციასა და საერთაშორისო სამართლის ხელყოფაში. ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას პოროშენკომ აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინას სჯის იმის გამო, რომ მან სუვერენული გადაწყვეტილება მიიღო და აირჩია გზა თავისუფალი სამყაროსკენ, რომელიც დემოკრატიულ ფასეულობებს ეფუძნება. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთი კლავს, ანგრევს სახლებს და იტყუება, რომ უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო, თავს თვითონვე დაესხნენ. უკრაინის პრეზიდენტმა დასვა შეკითხვა, იციან თუ არა ვინ იქნება რუსეთის შემდეგი მეზობელი, რომელიც საკუთარ თავს დაესხმება და როდემდე იქნება მსოფლიო „მოხერხებული გაშეშების მდგომარეობაში“ იმ იმედით, რომ შემდეგი არ იქნება?

„ჩვენ ვიცავთ უკრაინის მიწას და თავისუფალ არჩევანს, ვუპირისპირდებით აღორძინების პროცესში მყოფ ნეოიმპერიალისტურ სახელმწიფოს, რომელსაც თავიდან სურს მსოფლიოს დაყოფა, და ამით ვიცავთ თავისუფალ სამყაროს“ - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. მან საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა, არ გაჩუმდეს და პასუხი გასცეს რუსეთის აგრესიას, რადგან სიჩუმეა ის, რასაც რუსეთი აქცევს იარაღად უკრაინის და ყველას წინააღმდეგ. პრეზიდენტმა პოროშენკომ გაეროს მოუწოდა ოკუპირებული ყირიმის მზარდ შეიარაღებაზე დაუყოვნებლივი რეაგირებისა და დონბასში სამშვიდობო ძალების გაგზავნისკენ. პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის ოკუპაციის გამო ყირიმი გადაიქცა სამხედრო ბაზად, რომელიც ემუქრება მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და სტაბილურობას.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG