Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში ვერ შედგა რეფერენდუმი ქვეყნისთვის სახელის შესაცვლელად


რეფერენდუმის ბოიკოტირების მომხრეები მაკედონიის პარლამენტთან
რეფერენდუმის ბოიკოტირების მომხრეები მაკედონიის პარლამენტთან

მაკედონიის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეუმდგარად გამოაცხადა რეფერენდუმი ქვეყნისთვის სახელის შეცვლის საკითხზე. სააგენტო „როიტერსს“ მოჰყავს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ოლივერ დერკოსკის სიტყვები, რომ რეფერენდუმზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა დაახლოებით 35%-მა მაშინ, როცა აუცილებელი იყო სულ მცირე 50%-ის მონაწილეობა. საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 91,4%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას, 5,7% კი წინააღმდეგი იყო.

მაკედონიას სახელის შეცვლა სჭირდება ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის, რასაც საბერძნეთი ეწინააღმდეგება. ორ ქვეყანას შორის დავა 90-იან წლებში, იუგოსლავიის რესპუბლიკის დაშლის შემდეგ დაიწყო. უთანხმოების მიზეზი ის არის, რომ საბერძნეთის ერთ-ერთ ოლქსაც მაკედონია ეწოდება. ამ კონფლიქტის გამო, გაეროში მაკედონიის ოფიციალური სახელწოდებაა - ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია. 2018 წლის ზაფხულში, მაკედონიის და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მაკედონია სახელს შეიცვლის და ჩრდილოეთ მაკედონიას დაირქმევს.

ქვეყნისთვის სახელის შეცვლის საკითხზე 30 სექტემბერს ჩატარებულ რეფერენდუმს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ჰქონდა. მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა, ზორან ზაევმა განაცხადა, რომ საკითხი გადაწყდება პარლამენტში, რომელიც სახელის შეცვლას დაადასტურებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG