Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალაძე: ოქუაშვილი შეეკრა თავის ყოფილ ჯალათს სააკაშვილს


კახა კალაძე
კახა კალაძე

მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებული „ბინძური კამპანიის“ ნაწილად შეაფასა „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიაზე“ ხელისუფლების ზეწოლის შესახებ ბოლო ხანს გავრცელებული ცნობები. „ქართული ოცნების“ თბილისის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „გადაბრალების პოლიტიკის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ტელეკომპანია "იბერიის" გამოგონილი საქმე, რომელიც რეალურად სიგარეტის მწარმოებელ "ომეგა ჯგუფის" მესვეურთა მიერ ინიცირებული და ნაცმოძრაობის მიერ ატაცებული ბინძური კამპანიაა.“ კალაძის თქმით, ამ კამპანიის მიზანია ერთი მხრივ, ბიუჯეტის, ანუ ხალხის კუთვნილი 50 მილიონის არგადახდა და მეორე მხრივ, ხელისუფლების იმიჯის შელახვა.

„საზოგადოებას უნდა ახსოვდეს, რომ „ომეგას“ ბიზნესი გაანადგურა სააკაშვილმა. მან ქვეყნიდან განდევნა მისი დამფუძნებელი და პირველს სწორედ მას წაართვა ტელევიზია. ეს ბიზნესი და ტელევიზია ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით დაუბრუნდა მფლობელს და დღეს, ეს ადამიანი, რომელმაც 50 მილიონიანი დავალიანება დააგროვა ბიუჯეტის წინაშე, თავის ყოფილ ჯალათს, სააკაშვილს შეეკრა და გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს თავი აარიდოს ხალხის კუთვნილი ფულის გადახდას, ფარად კი ამ საქმეში იყენებს ტელეკომპანია იბერიას“ - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ მედიის თავისუფლების შეზღუდვას აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელმაც ძალადობით მიისაკუთრა „რუსთავი 2,“ მიითვისა ტელეკომპანია „იმედი“ და ტოტალური კონტროლი დაამყარა მედიასაშუალებებზე. კალაძის შეფასებით, დღეს ყველა ხედავს რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში.

„უსუსური, ე.წ. ფარული ჩანაწერებით "ქართულ ოცნებას" ბიზნესზე ზეწოლას აბრალებს კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენების შატნაჟი, დაშინება და ქონების მიტაცება ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოვლენა იყო“ - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ არსებობს ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლის არცერთი შემთხვვეა და შესაბამისად, ვერავინ წარმოადგენს ამგვარი ფაქტის ვერცერთ მტკიცებულებას. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობის და მისი მედიასაშუალებების უსუსური მცდელობა განახორციელონ ქართული ოცნების დისკრედიტაცია, წარუმატებლობისთვისაა განწირული."

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG