Accessibility links

რუსეთის დუმაში მხარს უჭერენ ევროსაბჭოს წევრობის შეჩერებას


ევროპის საბჭო

რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი მიიჩნევს, რომ რუსეთი არ უნდა დაელოდოს ევროსაბჭოდან გარიცხვის პროცედურის ინიცირებას და თავად მიიღოს ორგანიზაციის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება. სლუცკიმ დასწრებაზე თამაში უწოდა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ტორბიორნ იაგლანდის განცხადებას, რომ რუსეთი შესაძლოა, გარიცხონ ევროსაბჭოს საწესდებო ორგანოებიდან, თუ მოსკოვი 2019 წლის შუა პერიოდამდე არ განაახლებს საწევროს გადახდას. რუსეთის დუმის დეპუტატმა, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ მოითხოვა, რომ რუსეთმა ევროსაბჭო დაუყოვნებლივ დატოვოს.

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთს 2014 წლის აპრილში ჩამოერთვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის მიცემის და მმართველ სტრუქტურებში მუშაობის უფლება. 2017 წლის ივნისში რუსეთმა განაცხადა, რომ უფლებების აღდგენამდე არ გადაიხდის ევროსაბჭოს საწევროს, რომელიც ყოველწლიურად შეადგენს ორგანიზაციის საერთო ბიუჯეტის დაახლოებით 10%-ს.

ამ კვირაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი არ დაუჭირა რეგლამენტში შესატან ცვლილებას, რომელიც რუსეთს მისცემდა ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული უფლების აღდგენის შესაძლებლობას. ასამბლეამ შესაბამისი რეზოლუციის პროექტი დასამუშავებლად დაუბრუნა საპროცედურო კომიტეტს.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG