Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში იმართება საპარლამენტო არჩევნები ძალადობის საფრთხის ფონზე


ავღანეთში დაიწყო საპარლამენტო არჩევნები, რაც ძალადობის საფრთხის გამო რთული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყნის მთავრობას. არჩევნები 2015 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ სამი წლით გადაიდო საარჩევნო რეფორმაზე უთანხმოებისა და მზარდი დესტაბილიზაციის გამო. მას შემდეგ, რაც ნატომ 2014 წელს ავღანეთის ხელისუფლებას ჩააბარა უსაფრთხოებაზე ზრუნვის ამოცანა, ვითარება სულ უფრო მძიმდება. ავღანეთის მთავრობას სურს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია უსაფრთხო და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება მიუხედავად მთავრობის ჯარებსა და ექსტრემისტებს შორის, სულ ცოტა, 20 რეგიონში მიმდინარე ბრძოლებისა. ავღანეთში სულ 34 რეგიონია. ქვეყნის 19 000-მდე საარჩევნო უბნის დასაცავად განთავსებულია 50 000-ზე მეტი პოლიციელი და ჯარისკაცი. თალიბებმა და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავდასხმები მოაწყეს დეპუტატობის კანდიდატებზე, საარჩევნო შეკრებებსა და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე. საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში, სამკვირიან პერიოდში მოკლეს ორი კანდიდატი და 34 სამოქალაქო პირი. ხოლო კამპანიის დაწყებამდე თავდასხმებმა შეიწირა რვა კანდიდატი, ორის ბედი უცნობი რჩება.სამხრეთ ავღანეთის პროვინცია ყანდაარში 19 ოქტომბერს გადაწყდა, ერთი კვირით გადაიდოს არჩევნები პროვინციის პოლიციის უფროსის, გენერალ აბდულ რაზიყის მკვლელობის გამო.

XS
SM
MD
LG