Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში საპარლამენტო არჩევნებს აფერხებს ძალადობა და საორგანიზაციო პრობლემები


ავღანეთის საპარლამენტო არჩევნები ქაოსმა მოიცვა მრავალ საარჩევნო უბანზე. სხვადასხვა რეგიონიდან იუწყებიან ძალადობის შესახებ, რასაც ემატება ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემები. 20 ოქტომბრის კენჭისყრა ერთი დღით გახანგრძლივდა, რადგან ზოგ ოლქში ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს ხმის მიცემა. ბევრგან ავღანელების უკმაყოფილებას იწვევს საარჩევნო უბნების გაღების დაგვიანება, კომისიის წევრების გამოუცხადებლობა და ტექნიკური ხარვეზები ამომრჩევლების ბიომეტრული საბუთების შემოწმებისას. ქაბულში რამდენიმე აფეთქება მოეწყო საარჩევნო უბნებთან. მედიკოსების ინფორმაციით, დაიღუპა სამი და დაიჭრა 30-ზე მეტი ადამიანი. 9 მილიონამდე ადამიანია დარეგისტრირებული საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. ქვეყნის 19 000-მდე საარჩევნო უბნის დასაცავად განთავსებულია 50 000-ზე მეტი პოლიციელი და ჯარისკაცი. ჯერ კიდევ არჩევნებამდე თალიბებმა და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ თავდასხმები მოაწყეს დეპუტატობის კანდიდატებზე, წინასაარჩევნო მიტინგებსა და მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG