Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯღალოსნები თბილისში შესრულებულ ჰიმნს იტალიაში თამაშის წინ მოისმენენ


ბორჯღალოსნები ვარჯიშის დროს
ბორჯღალოსნები ვარჯიშის დროს

„გააგონე ჰიმნი“ - ასე ჰქვია აქციას, რომელიც ქართული რაგბის გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, ფლორენციაში მყოფ საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრებს მხარში დგომა თბილისიდან, რესპუბლიკის მოედნიდან აგრძნობინონ.

10 ნოემბერს „ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდებიან. ეს არის თამაში, რომელსაც ევროპის სარაგბო სამყარო დიდი ინტერესით ელის. საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში უკვე დიდი ხანია, უკან მოიტოვა იტალია, რომელიც ევროპის პრესტიჟულ სანაკრებო ტურნირზე - ექვს ერზე სტაბილურად აუტსაიდერია. მეორე რანგის ტურნირის უკონკურენტო ლიდერის - საქართველოს ექვს ერზე დაშვების პერსპექტივა კი არა და არ ჩანს.

ბორჯღალოსნები უმნიშვნელოვანეს თამაშს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე ჩაატარებენ. ფავორიტი იტალიაა, რომელსაც ზურგს მსოფლიოს წამყვან ნაკრებებთან თამაშის დიდი გამოცდილება და საკუთარი მოედნის ფაქტორი უმაგრებს, მაგრამ საქართველოს ნაკრების მიზანიც მხოლოდ გამარჯვებაა.

მატჩი ფლორენციაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. საქართველოში მყოფი გულშემატკივრები კი რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულ დიდ ეკრანთან საათ-ნახევრით ადრე შეიკრიბებიან და ვიდრე თამაში გაჩაღდება, ერთად შეასრულებენ საქართველოს ჰიმნს, რომელიც „Stadio Artemio Franchi”-ზე გადაიცემა და ბორჯღალოსნებისთვის დამატებითი მუხტი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG