Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები:ცესკოს გადაწყვეტილება არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს


ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნის შესახებ მიუღებელი და არამიზანშეწონილია-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

მოცემული გადაწყვეტილებით საარჩევნო ადმინისტრაციამ მხედველობაში არ მიიღო საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესი და უფლება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, შეუქმნა რა მათ ხელოვნური ბარიერი არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნით. მათ მიერვე შექმნილი პრობლემით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად ცესკომ საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე ხმის მიცემის დრო 24 საათამდე გაახანგრძლივა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა ეს შეღავათი იყოს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც მუშაობენ ან სწავლობენ და სხვა ქალაქში უნდა წავიდნენ ხმის მისაცემად.“-ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც ხელს აწერენ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია","საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".

ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ ამ რეგულაციის მიღებით ცესკო გასცდა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს და დაარღვია საქართველოს „საარჩევნო კოდექსი“, რომელშიც ცალსახად არის განსაზღვრული, რომ საარჩევნო უბნები იხურება 20 საათზე. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ უცხოეთში მყოფი მოქალაქეების გარდა, დიდი ალბათობით, პრობლემა შეექმნებათ ასევე იმ ამომრჩევლებს, რომლებიც შიდა მიგრაციის გამო თავისი რეგისტრაციის ადგილას არ იმყოფებიან და ერთ დღეში ვერ მოახერხებენ წასვლას და უკან დაბრუნებას.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების თანახმად, ცესკოს არ დაუსახელებია საკმარისად დამაჯერებელი არგუმენტი, რაც გაამართლებდა არჩევნების სამუშაო დღეს დანიშვნას. ორგანიზაციების შეფასებით, ფაქტები იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია და მისი მხარდამჭერები ცესკოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ფლობდნენ ინფორმაციას არჩევნების თარიღის შესახებ,საზოგადოების გარკვეულ ნაწილში აჩენს ეჭვებს, ცესკოს წევრების პოლიტიკური მიკერძოებულობის შესახებ.

არასამთავრობოების შეფასებით, ცესკომ ვერ გაართვა თავი ამოცანას, უზრუნველყოს სამართლიანი, თანასწორი და ყველასათვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემო.

„სამართლი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“საზღვარგარეთ კენჭისყრის პროცედურების 24 საათამდე გახანგრძლივება სამართლებრივადაც გაასაჩივრეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG