Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო: არ შეიძლება ეკლესია გადაიქცეს უსახლკაროთა თავშესაფრად


საქართველოს საპატრიარქო ვიდეოკომენტარით ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით, ეკლესიების კარი ყოველ ღამით უნდა გაიღოს უსახლკაროთათვის.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან არ შეიძლება, ეკლესია თავშესაფრად გადაიქცეს:

„ინტერნეტსივრცეში ხშირად ხდება, რომ ვრცელდება არაზუსტი ინფორმაცია ეკლესიის შესახებ და ამას მოსდევს ხოლმე ძალიან არასწორი ინტერპრეტაციები. ასე მოხდა გუშინაც, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პატრიარქი ამბობს, რომ ეკლესიები შეიძლება მოეწყოს უსახლკაროთა თავშესაფრებად - ეს არ შეესაბამება სიმართლეს, მის უწმინდესობას ასეთი რამ არ უთქვამს. ელემენტარულია, რომ ეკლესია არ შეიძლება თავშესაფრად მოეწყოს და გადაკეთდეს თავშესაფრად. ეკლესიას აქვს თავისი მისია. ასეთი განცხადებები, მით უმეტეს პატრიარქის სახელით, უნებლიეთ ან მიზანმიმართულად, ემსახურება ცრუ, არასწორი მოლოდინების გაჩენას და იმ ღვაწლზე ჩრდილის მიყენებას, რასაც ეკლესია სოციალური მსახურების კუთხით მრავალი წელია ეწევა", - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ანდრია ჯაღმაიძის სიტყვებით, ეკლესიის წიაღში ფუნქციონირებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სახლი, პალიატიური ცენტრი, უპოვართა სასადილოები, თუმცა ხაზს უსვამს, რომ ეკლესიების გადაკეთება თავშესაფრებად შეუძლებელია და ასეთია რეალობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG