Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ინაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის დედას უპასუხა


ირმა ინაშვილი, მედიკო მარგოშვილი
ირმა ინაშვილი, მედიკო მარგოშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დედას ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა:

„ქალბატონო მედიკო, პანკისშიც ვიყავი, მოგისამძიმრეთ კიდეც, თქვენი ტკივილიც გავიზიარე, მუდმივად საჯაროდ მივმართავდი და მივმართავ ხელისუფლებას, რომ ითქვას სიმართლე, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავეები. არ ვიმსახურებ იმ მიმართვას თქვენგან, რაც წავიკითხე. დღეს დილით სარალიძეს პანაშვიდი გადავუხადე და თქვენი შვილის სახელზე, დაბადების დღისთვის რაც გასაკეთებელი იყო, თქვენი წესისამებრ, ისიც გაკეთდა. ამაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. ასე რომ, ქალბატონო მედიკო, მე არ ვიმსახურებ თქვენგან იმას, რასაც წერთ. მორიგჯერ გამოვთქვამ წუხილს იმის გამო, რომ სამართალი ჯერ ვერ იპოვეთ, მაგრამ იცოდეთ: მართალ კაცს, თუ მართალია... როცა მართალია, ეს სიმართლე არ დაეკარგება“. - წერს ირმა ინაშვილი.

25 ნოემბერს, თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავი აქციის პარალელურად „პატრიოტთა ალიანსმა“ გამართა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქცია - „არა ნაციზმს“. პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას მედიკო მარგოშვილმა „თავისუფლების მოედანზე“ გამართული აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ირმა ინაშვილს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

”ძირს ეს მკვლელი ხელისუფლება. ძირს მკვლელები! თუ გულით გაქვთ, თუ ოდნავ ნამუსი გაქვთ, თქვენ ყველა აქ უნდა იყოთ. გავიგე დღეს აქ აქცია იმართება ინაშვილის მიერ. ინაშვილო, შენ პანკისის ხეობაში იყავი, ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი. ყოჩაღ შენ ქალობას, ყოჩაღ შენ დედობას. დედამ იცის შვილის ტკივილი რა არის და ყველა დედა ჩემ გვერდით უნდა იყოს“, - მიმართა სიტყვით აქციის მონაწილეებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა.

XS
SM
MD
LG