Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს მინისტრის მოადგილე: არავის მივცემთ სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას


შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არავის მისცემს სიტუაციის ხელოვნურად გამწვავების შესაძლებლობას და სრული სიმკაცრით დაიცავს კანონს.

27 ნოემბერს შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით იქნებიან მობილიზებულები, რათა არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

მეზვრიშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში ყოფით ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულები ხშირად ფასდებოდა როგორც პოლიტიკური მოტივით ჩადენილი, თუმცა, შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, ეს ფაქტები არ დადასტურდა. მისივე განცხადებით, პოლიტიკური მოტივი მხოლოდ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში გამოიკვეთა, სადაც დადგა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

ნათია მეზვრიშვილმა მოუწოდა საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა და ორგანიზაციას, მათი პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, დაიცვან კანონი, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართონ პოლიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG