Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული ქალი სავარაუდოდ შეთანხმებას გააფორმებს პროკურორებთან


ვაშინგტონში, რუსეთისთვის ჯაშუშობაში ბრალდებული ქალი, მარია ბუტინა სავარაუდოდ პროკურორებთან გააფორმებს შეთანხმებას - იუწყება მისი ოჯახის და სასამართლოს დოკუმენტები. ბუტინას ადვოკატები და პროკურორები სასამართლოსთვის ამ კვირაში წარდგენილ დოკუმენტებში ამბობენ, რომ ოპტიმისტურად უყურებენ პროცესის სასამართლოსწინა გადაწყვეტას, რუსეთის სააგენტო "ტასი" კი 29 ნოემბერს იუწყებოდა, რომ ბუტინას ოჯახი მისი ადვოკატებისგან ასეთი შეთანხმების გაფორმებას ელის. პროკურორების ვერსიით, 30 წლის ბუტინა ამერიკელ ოფიციალურ პირებზე და პოლიტიკურ ორგანიზაციებზე აგროვებდა ინფორმაციას და კავშირებს ამყარებდა ძირითადად კონსერვატორ ამერიკელ პოლიტიკოსებთან, მათ შორის დონალდ ტრამპთან, რაშიც მას ეხმარებოდა კონტაქტები იარაღის ლობისტ გავლენიან ჯგუფთან, იარაღის ეროვნულ ასოციაციასთან (NRA). თავად ბუტინაც იარაღის ლობისტია, მან რუსეთში დააარსა ამგვარი ლობისტური ჯგუფი, სანამ ვაშინგტონში გაემგზავრებოდა სასწავლებლად და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩასართავად. ბრალდების თანახმად, ვაშინგტონში ბუტინას მოქმედებებს ხელმძღვანელობდა რუსეთის ყოფილი დეპუტატი და ცენტრალური ბანკის თანამშრომელი, ალექსანდრ ტორშინი, რომელსაც მიმდინარე წელს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სავარაუდო კავშირების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG