Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი გამოეთხოვა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს, უფროს ჯორჯ ბუშს


41-ე პრეზიდენტთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში
41-ე პრეზიდენტთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში

ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტთან, უფროს ჯორჯ ბუშთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია. ტაძარში ცხედარი გადაასვენეს კაპიტოლიუმის როტონდიდან, სადაც ქვეყნის 41-ე პრეზიდენტს ორი დღის განმავლობაში მიაგო პატივი ათასობით ამერიკელმა.

საკათედრო ტაძარში გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა გარდაცვლილი პრეზიდენტის ვაჟმა, აშშ-ის 43-ე პრეზიდენტმა, უმცროსმა ჯორჯ ბუშმა. „მან ჩვენ გვასწავლა, რომ სახელმწიფო სამსახური კეთილშობილური და საჭირო საქმეა. მას ჰქონდა საოცარი უნარი საკუთარი თავი მთლიანად ხალხისთვის მიეძღვნა“ - თქვა უმცროსმა ჯორჯ ბუშმა. მან მამას უწოდა უდიდესი და კეთილშობილი ადამიანი.

ოფიციალურ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ყოფილი პრეზიდენტები ბარაკ ობამა, ბილ კლინტონი და ჯიმი კარტერი. უფროს ჯორჯ ბუშთან გამოთხოვების ცერემონიაში მონაწილეობდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი და იორდანიის მეფე აბდულა.

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ცხედარი ვაშინგტონიდან სამხედრო თვითმფრინავით გადაასვენეს ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, სადაც დღეს დაკრძალავენ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ეზოში, მეუღლის ბარბარას და სამი წლის ასაკში, ლეიკემიით გარდაცვლილი ქალიშვილის, რობინის გვერდით. უფროსი ჯორჯ ბუში 94 წლის ასაკში 30 ნოემბერს, ჰიუსტონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. უფროსი ჯორჯ ბუში აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა 1989-1993 წლებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG