Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძემ ატოციდან მოუწოდა საზოგადოებას მონაწილეობა მიიღოს ანტიოკუპაციურ მოძრაობაში


გრიგოლ ვაშაძე და დავით ქაცარავა
გრიგოლ ვაშაძე და დავით ქაცარავა

საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დღეს ატოცში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ჩავიდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა სამოქალაქო, ანტიოკუპაციური მოძრაობის წევრებს, რომლებიც თვეზე მეტია ატოცში, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებულ ძელებთან პატრულირებენ.

გრიგოლ ვაშაძის აზრით, ატოცში გამართულმა საპროტესტო აქციებმა და სამოქალაქო აქტივობამ შეაჩერა განგრძობითი ოკუპაციის მორიგი ტალღა. ვაშაძემ ატოციდან მოუწოდა საზოგადოებას, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ანტიოკუპაციურ მოძრაობაში. „პირველი შემთხვევა არის, რომ სამოქალაქო მოძრაობამ გააჩერა ბორდერიზაცია. ისე გააჩერა, რომ თვენახევარია უკვე ადგილიდან ვერ იძვრებიან. უმორჩილესი თხოვნა მაქვს სუყველასთან, თვეში ერთი დღე მაინც გამოყავით, რომ აქ ამოხვიდეთ და ქაცარავას მოძრაობას შეუერთდეთ. ისე ნუ მოვიქცევით, რომ დეოკუპაცია და ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება მხოლოდ ამ მამაცი ადამიანების საქმეა“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აგრძელებენ პატრულირებას ძელებთან, რომლებიც ნოემბრის დასაწყისში, დაახლოებით 500 მეტრზე დაამონტაჟეს და საოკუპაციო ხაზის მიღმა მოაქციეს სოფლის საძოვრების ნაწილი, სახნავ-სათესი ფართობი და ტყის მასივი. ნოემბრის შემდეგ მათ „ბორდერიზაციის“ სამუშაოები აღარ გაუგრძელებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG