Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ეწინააღმდეგება სიცოცხლის ბოლომდე სახელმწიფო დაცვის გაუქმებას


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ აპროტესტებს “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომე აღარ შეუნარჩუნდება.

კანონპროექტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კანონპროექტი დეპუტატებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარუდგინა. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტს,პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მხოლოდ ერთი წლით შეუნარჩუნდებათ. ერთი წლის შემდეგ, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება,აღნიშნულ პირებს სახელმწიფო დაცვა მთავრობის გადაწყვეტილებით გაუგრძელდებათ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა,რომ ცვლილება არის “იმ სამწუხარო ტენდენციის გაგრძელება, რომელსაც წლებია ინსტიტუტის შელახვისა და დაკნინების მიმართულებით ვუყურებთ“.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, არის სერიოზული საკითხები, რომლებიც კანონპროექტში სათანადოდ გააზრებული არ არის."საქართველო ოკუპირებული სახელმწიფოა და პირები, რომლებსაც უკავიათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა და აქვთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე საინტერესონი შეიძლება გახდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებრივად გავიაზროთ არსებული რეალობა, რათა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები ჰქონდეთ იმ პირებს, რომლებსაც ეს თავიანთი თანამდებობიდან გამომდინარე სჭირდებათ”, - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მედიასთან განმარტა, რომ რაოდენობრივად და ხარისხობრივად შეიცვლება ახალი პრეზიდენტის დაცვაც.

„ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. დაცვა მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს. არსებობს სხვადასხვა დონის დაცვა. როცა საჭიროება აღარ არის ჩვენ ვუკლებთ ხარისხს, ეს გამოიხატება რაოდენობაში, მატერიალურ-ტექნიკურ ჩართულობაში და ა.შ.", - გაუმარტა ანზორ ჩუბინიძემ მედიის წარმომადგენლებს საკომიტეტო მოსმენის დასრულების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG