Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-მა უკანონო მეწარმეობისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ირანის 7 მოქალაქე


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს საქართველოში მცხოვრები ირანის შვიდი მოქალაქე. სუს-ის განცხადებით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული პირები ე.წ. „ჰავალას“ მეთოდის გამოყენებით ეწეოდნენ უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. სუს-ის ინფორმაციით, ეს პირები საქართველოდან ირანის საბანკო სისტემაში ფულადი გზავნილების განხორციელებას ახდენდნენ საჭირო ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე, ქართული საბანკო სისტემის გვერდის ავლით. სუს-ის ცნობითვე, ბრალდებულები ფულადი თანხების კონვერტაციისა და გადარიცხვების სახით გაწეული მომსახურების სანაცვლოდ დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ და მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 097 000 ლარი. სუს-ის განცხადებით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე თბილისში, ირანის მოქალაქეთა ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის შედეგად ამოიღეს დიდი ოდენობით თანხა, „შავი ბუღალტერია“ და ირანული წარმოების ტერმინალები. გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG