Accessibility links

დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდება


სერგი კაპანაძე

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის ინფორმაციით, კომისიაში უმრავლესობით მყოფი „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს წლის ბოლომდე განიხილავენ. მანამდე კომისია ელოდება პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მისვლას. „როგორც ვიცით, მიუხედავად ბევრი მოტყუებისა, მინისტრი აპირებს მოვიდეს პარლამენტში. შესაბამისად, წლის ბოლომდე გვექნება დადგენილების განხილვა. ჯერ ველოდებით მინისტრის მოსვლას და მისი პასუხების მოსმენას“ - უთხრა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ მიერ პარლამენტში დარეგისტირებული დადგენილების პროექტი ეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესრულებას. „ეს არის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მ.კ-ს მიმართ და კონკრეტული პირების, მათ შორის მირზა სუბელიანის მიმართ გამოძიების დაწყება, ისევე როგორც იმ ადამიანების მიმართ, ვინც შსს-ში და პროკურატურაში აყალბებდნენ საქმეს. ეს ცალკე გამოვყავით, რადგან კომისიის დასკვნაში იყო ბევრი რეკომენდაცია და ახლა გვინდა ამ საკითხებზე მივიღოთ პასუხები პარლამენტიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ. მისივე თქმით, ეს საკითხები დღის წესრიგში დარჩება კონკრეტული პასუხების მიღებამდე, რადგან ხელისუფლება ცდება, თუკი ჰგონია, რომ პოლიტიკური პიკი გადავიდა და საზოგადოებას ეს საქმე დაავიწყდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG