Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი იცავს სირიიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილებას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი გადაწყვეტილება სირიიდან სამხედროების გამოყვანის შესახებ. მან ტვიტერით დაწერა, რომ თავდაპირველი გეგმით, სამხედროები იქ მხოლოდ სამი თვე უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ წლების განმავლობაში დარჩნენ.

"სირიაში თავიდან სამი თვე უნდა ვყოფილიყავით, და ეს შვიდი წლის წინ ითქვა" - დაწერა მან 22 დეკემბერს და დასძინა: "ჩვენ იქიდან არ გამოვსულვართ. როცა პრეზიდენტი გავხდი, აისისი ["ისლამური სახელმწიფო"] ბობოქრობდა. ახლა ის დიდწილად დამარცხებულია და დარჩენილ ძალებს სხვა ადგილობრივი ქვეყნები, მათ შორის თურქეთი, იოლად მოუვლიან. ჩვენ სახლში ვბრუნდებით".

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი შვიდ წელიწადს ასახელებს, სირიაში აშშ-ის სამხედროების დისლოკაცია 2015 წლამდე არ განხოციელებულა. სირიაში 2011 წლიდან მიმდინარეობს სისხლიანი სამოქალაქო ომი, რუსეთი და ირანი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს, აშშ და თურქეთი კი სხვადასხვა მეამბოხე ჯგუფებს. ტრამპის განცხადებებამდე რამდენიმე საათით ადრე გავრცელდა ცნობა, რომ პოსტს ტოვებს აშშ-ის წარმომადგენელი "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო საერთაშორისო კოალიციაში, ბრეტ მაკგურკი, რითიც ის აპროტესტებს ტრამპის გადაწყვეტილებას სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის შესახებ.

მაკგურკმა, რომელიც პოსტზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დანიშნა და ტრამპმა ადგილზე დატოვა, გადადგომის შესახებ წერილი 21 დეკემბერს ჩააბარა შესაბამის უწყებებს. სააგენტოს ცნობით, მაკგურკი პოსტს თვის ბოლოს დატოვებს. წერილში მაკგურკი ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტები ჯერ არ არიან დამარცხებული და სირიიდან აშშ-ის ძალების ნაადრევი გასვლა მათ გაძლიერების საშუალებას მისცემს. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ ასევე გადადგა აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი, რომელიც აცხადებს, რომ ტრამპს სჭირდება თავდაცვის მინისტრი, რომლის შეხედულებები მეტად ემთხვევა პრეზიდენტისას.

XS
SM
MD
LG