Accessibility links

ახალი ამბები

საქართველოში გრიპით დაავადების შემთხვევებმა მცირედით იკლო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იანვრის მეორე კვირაში პირველთან შედარებით შემცირდა გრიპის ვირუსით, H1N1-ით დაავადებულთა რაოდენობა. სამინისტროს ცნობით, იანვრის პირველ კვირაში ყოველ 100 000 მოქალაქეზე 256 იყო დაავადებული, მეორე კვირაში კი ეს მაჩვენებელი 253-მდე შემცირდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, შედარებით იკლო მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმაც, რომელიც იანვრის პირველ კვირაში 33,1% იყო, მეორე კვირის მონაცემებით 31,3%-ია. 14 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში H1N1-ით დაავადდა 9000-მდე მოქალაქე. გრიპის ამ სეზონზე ლაბორატორიულად დადასტურებულია 15 ადამიანის გარდაცვალება.

ყველა ახალი ამბავი

აქციების მეშვიდე დღე დასრულდა. მერვე დღე - ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან

პარლამენტის წინ აქციების მეშვიდე დღე დასრულებულია. მეშვიდე დღის ბოლოს, დემონსტრანტების სამი მოთხოვნიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია:

  • 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება
  • 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ყველა დემონსტრანტი თავისუფალია.

დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

ხვალ, 27 ივნისს, აქციების მერვე დღეს, დემონსტრანტები „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ მოაწყობენ მსვლელობას.

29 ივნისს, აქციების მეათე დღეს კი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ „თავისუფლების მარში“ გაიმართება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

27 ივნისს აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ დაიძრებიან

27 ივნისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზენს-ცენტრისკენ დაიძრებიან.

ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით, შეძახილებით მიიღეს:

„პოლიციას ვთხოვ თანამშრომლობას ჩვენს მსვლელობაში. ხალხმა ასე გადაწყვიტა. ჩვენი მსვლელობა იქნება მშვიდობიანი. ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს გავაცნოთ სამოქალაქო საზოგადოების ნება. ჩვენ კერძო საკუთრების საზღვარს არ გადავლახავთ, რადგან კერძო საკუთრების პატივისცემა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედი“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა.

პერფორმანსი წითელი ნაჭრებით

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მარცხენა თვალი წითელი ნაჭრებით აიხვიეს და რამდემე წამში, წითელი ნაჭრები თავისუფლების ნიშნად მაღლა ააგდეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა.

29 ივნისს „თავისუფლების მარში“ გაიმართება

29 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ გაიმართება „თავისუფლების მარში“.

ამის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა:

„შაბათს მეათე დღე შესრულდება რაც აქ ვდგავართ. მეათე დღეს, გამოდით სახლებიდან, გამოდით უნივერსიტეტებიდან, გამოდით უბნებიდან, გამოდით საჯარო სტრუქტურებიდან, პოლიციიდანაც გამოდით, მთელი საქართველო გამოდით. რესპუბლიკის მოედანზე, გამოდით ყველა. მთელი ქართული სამოქალაქო საზოგადოება ხელს შეუწყობს ერთმანეთს და წავალთ თავისუფლებისკენ“.

აქციების მეშვიდე დღეს, დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

აქციის მონაწილეების ორი მოთხოვა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, შესრულებულია.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

სალომე სამადაშვილი: მოვედი, რომ ჩამოვირეცხო სირცხვილი, რაც ხდება პარლამენტში

"მე დღეს თქვენთან მოვედი, რომ ჩამოვირეცხო სირცხვილი, რაც ხდება პარლამენტში, სადაც მე ყოველდღე მიწევს სირცხვილის ჭამა",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვცდილობ, აღვიდგინო ის, რაც ივანიშვილმა წაართვა ქართველ ხალხს პარლამენტში და ეს ჩვენი უფლებაა, რომ პარლამენტში ისმოდეს ჩვენი ხმა. მინდა მივესალმო აქციის ორგანიზატორებს, ყოველდღე გელოდებათ ჩასაფრებული ივანიშვილი, როდის დაიღლებით და დაიშლებით, და უკვე მეშვიდე დღეა, ეს არ ხდება. ჩვენ თუ ამ ქვეყანაში არ მივაღწიეთ იმას, რომ დამნაშავე, როგორიც გახარიაა, გადადგეს, მერწმუნეთ, არანაირი ცრუ თუ თუნდაც მართალი დაპირებები პოლიტიკური სისტემის ცვლილებაზე არ დაგვეხმარება იმაში, რომ ამ პარლამენტში ისმოდეს ჩვენი ხმა. შეიძლება ჩვენ პარლამენტში გვყავდეს სესიაშვილი, ოხანაშვილი? ჩვენ პარლამენტში გვინდა ჩვენი ხმა. ამ მოედანზე გასული 25 წლის განმავლობაში არაერთი ახალი ლიდერი დაბადებულა და დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ამ მოედანზე ბევრი ახალი ლიდერი იბადება, ვინც გაიყვანს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე. რაც მოხდა პარლამენტში, სირცხვილი იყო, რადგან მტერმა, შემოუთვალა ივანიშვილს, ერთი თავი გადმოაგდეო, ოღონდ გახარიას თავი არ მოუთხოვია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პარლამენტმა ოკუპანტის მოთხოვნა შეასრულა, კანონი დაარღვია და გვეუბნება, გახარია არსად წავაო. რა უნდა ვუთხრათ ჩვენ? გახარია გადადგება! იმედი მაქვს, სანამ ეს არ მოხდება, ეს აქცია არ დამთავრდება და მე აქ ყოველდღე მოვალ. ეს ჩვენი ვალია იმ ხალხთან, ვინც თვალდათხრილია. ნუ დაიღლებით, ოლიგარქთან ბრძოლაში ერთადერთი ძალა თქვენ ხართ",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

​პარლამენტის წინ მეშვიდე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციები სამოქალაქო აქტივისტების მიერაა ორგანიზებული.

აქციების მეშვიდე დღეს, დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

აქციის მონაწილეების ორი მოთხოვა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება, შესრულებულია.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების კენჭისყრის ოქმი - ვინ მიიღო მონაწილეობა და ვინ არა

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ, მირიან წიკლაურმა და მარიამ ჯაშმა.

ამასთან, კენჭისყრის ანგარიშის მიხედვით, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ, რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მარიამ ჯაშმა კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, რეგისტრაცია საერთოდ არ გაიარა.

მირიან წიკლაურის განმარტებით, კენჭისყრისას პირადად მასთან დაკავშირებით შეცდომა დაფიქსირდა: „რაღაც არ არის მანდ სწორად. ხმა მივეცი და ალბათ, არ დაფიქსირდა. ხვალ მივალ პარლამენტში და გავარკვევ ამ საკითხს. ნამდვილად მივეცი ხმა დადგენილების პროექტს“.

რაც შეეხება მარიამ ჯაშს, მან რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, განმარტა: „2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია“

კენჭისყრის ოქმი:

​პარლამენტმა ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხს მხარი პლენარულ სხდომაზე დაუჭირა. აღნიშნული დადგენილება 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ამით ნიკანორ მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა.

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო მზადაა, საქმე აღძრას რუსეთის ასამდე სპორტსმენის თაობაზე

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) მზადაა, საქმე აღძრას რუსეთის ასამდე სპორტსმენის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კრეიგ რიდიმ. პრიორიტეტული საქმეები წლის ბოლოსთვის განიხილება. ამჟამად WADA მტკიცებულებებს აფორმებს სამეთვალყურეო ორგანოებისთვის. ისინი მიღებულია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემების საფუძველზე. ამ ინფორმაციაზე წვდომა ერთ-ერთი პირობა იყო რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ულებების აღსადგენად. საქმე ეხება სპორტსმენების ტესტებს 2015 წლამდე. რუსეთმა აღიარა ქვეყანაში ანტისადოპინგო სისტემის ჩავარდნა, მაგრამ უარყოფს სახელმწიფოსა და სპეცსამსახურების მონაწილეობას სპორტსმენების სინჯების გაყალბებაში.

აქციის წამყვანი: ყველა დაკავებული დემონსტრანტი გათავისუფლებულია

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის წამყვანის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ყველა დემონსტრანტი გათავისუფლებულია, რომლებიც 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე დააკავეს.

ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე, აქციის მსვლელობისას გამოაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მიაწოდა.

აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება იყო, რომელთა ნაწილს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული სასჯელი, მათ შორის პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ჯამში, 20-21 ივნისის ღამეს 300-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცავებმა.

ამჯერად, აქციის მონაწილეების ერთადერთ მოთხოვნად შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა რჩება.

გიგა მაქარაშვილი: დღეს შეეცადნენ, რომ პოლიტიკური ჭრილიდან შეეტიათ აქციისთვის

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი წამყვანი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მაქარაშვილი ეხმაურება პარლამენტის გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე.

პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას მან თქვა: „დღეს შეეცადნენ, რომ პოლიტიკური ჭრილიდან შეეტიათ აქციისთვის და ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერეს და გეგმავენ მის დაჭერას. ბევრი კითხვა ისმის, რა მოხდება აქციაზე, იცით რა არის? ისე, როგორც მართალ ადამიანებს ეკადრებათ, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი პოზიცია. თუ დამტკიცდა, რომ ვინმე დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს, მაგრამ პირველი დამნაშავე გახარიაა. ჯერ გახარია დაიჭირეთ“.

პარლამენტის წინ მეშვიდე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

აქციების მეშვიდე დღეს, დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

სხვა მიდგომა აქვს 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლებას. პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

ბრალდების საფუძველზე 26 ივნისს, პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა.

ნიკა მელია: მშვიდობიანი გზით, არ მივცეთ საშუალება გახარიას, 28 ივნისს მივიდეს პარლამენტში

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას, რომელსაც ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, პარლამენტის უკანა მხარეს შეკრებილი მხარდამჭერები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ.

პარლამენტმა 26 ივნისს კენჭი უყარა დადგენილების პროექტს "საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ".

დადგენილება დეპუტატებმა 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

ნიკა მელიამ მადლობა გადაუხადა პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილ მხარდამჭერებს და მოუწოდა მათ კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანი ფორმით, არ მისცენ საშუალება შს მინისტრს, გიორგი გახარიას, 28 ივნისს მივიდეს პარლამენტში:

„არასდროს ისეთი ძლიერები არ ვყოფილვართ როგორც ახლა. მათ აუცილებლად მოუწევთ წასვლა. ჩვენ უახლოეს დღეებში უნდა მოვახერხოთ კონსტიტუციის ფარგლებში გახარიას პოლიტიკური თავი აუცილებლად უნდა გაგორდეს უახლოეს დღეებში. მე არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის ორგანიზატორი გმირი ახალგაზრდები, რომლებიც მეშვიდე დღეა დგანან რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, რომ გახარია, იგივე გავრილოვი პარლამენტში 28 ივნისს მეორედ ვერ უნდა შევიდეს. თუ გახარიამ გაბედა და ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუტში შემოვიდა, ჩვენ მას რაოდენობით უდნა გადავაფიქრებინოთ აქ მოსვლა და ეს ჩვენ შეგვიძლია. ქუდზე კაცი უნდა გამოცხადდეს და მშვიდობიანად, პოლიტიკური, სამოქალაქო ობსტრუქცია უნდა მოვუწყოთ მათ. ეს ახალგაზრდობა მეშვიდე დღეა ითხოვს გახარიას თანამდებობიდან წასვლას და გახარია წასვლას კი არ აპირებს, ისევ აქ მოსვლას აპირებს“.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

აშშ-ის საელჩო: ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის

აშშ-ის საელჩომ საქართველოს მთავრობას გაწონასწორებული ქმედებისკენ მოუწოდა.

„აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

თბილისის კლინიკებში რჩება საპროტესტო აქციების დროს დაშავებული 10 პაციენტი

საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. 2019 წლის 21 ივნისი

26 ივნისის მდგომარეობით, თბილისის კლინიკებში რჩება 21-22 ივნისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 240-დან 10 პაციენტი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობას გაეცნო.

„ერთი პაციენტი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. იმ ორი პაციენტიდან, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთ-ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, ის კონტაქტურია, თუმცა ამ დროისთვის იმყოფება დამზოგველ რეჟიმში და ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელი გახდება მისი აპარატიდან მოხსნა. მეორე პაციენტთან დაკავშირებით ასევე, სტაბილური ჰემოდინამიკა გვაქვს. მას სავარაუდოდ, უფრო ხანგრძლივი ვადით დასჭირდება რეანიმაციის განყოფილებაში განთავსება, თუმცა მაჩვენებლები გაუარესებული არ არის“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მისი ინფორმაციით, აქციის დაშლის დროს დაშავებული ერთი ადამიანი გაემგზავრა მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, 2 პოლიციელი თურქეთში, „აჯიბადემის“ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, დღეს ღამით კი იგეგმება კიდევ ერთი პაციენტის ისრაელში გამგზავრება რეაბილიტაციის მიზნით.

„ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით. დაფინანსების მოცულობის საკითხზე კონკრეტულად ჯერ ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცით, რა შემდგომ დანიშნულებებს მისცემენ პაციენტებს, თუმცა „ქართუ“ მზაობას გამოთქვამს სრული დანახარჯი აანაზღაუროს“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

მარიამ ჯაშმა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის ხმის მიცემაში მონაწილეობა 2 პირის თხოვნით არ მიიღო

მარიამ ჯაში

განათლების,მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში, რომელიც დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე გაიმართა ცოტა ხნის წინ. როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, ამით მან შეასრულა ორი ადამიანის თხოვნა:

2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. დადგენილება დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

დღე მეშვიდე - პარლამენტის წინ აქცია განახლდა

პარლამენტის წინ განახლდა საპროტესტო აქცია „სირცხვილია 7.0“, რომელიც უკვე მეშვიდე დღეა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე.

აქციების მეშვიდე დღეს, დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე.

დემონსტრანტების სამი მთავარი მოთხოვნიდან, ერთი მოთხოვნა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო განცხადება გაავრცელა.

დემონსტრანტების კიდევ ერთი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტები, რომლებსაც სხვადასხვა ადმინისტრაციული სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, მათ შორის პატიმრობა. შსს-ს ცნობით, ამ დროისათვის, პატიმრობაში მხოლოდ 3 დემონსტრანტი რჩება.

20-21 ივნისის ღამეს, ჯამში საპროტესტო აქციის 300-ზე მეტი მონაწილე დააკავეს.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

21 ივნისს პოსტი დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მანდატი დატოვა „ქართული ოცნების“ წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმაც, რომელიც ასამბლეის ორგანიზატორი და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.

20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა.

ნიკა მელია: ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა თავი მეგრძნო ასე ამაყად

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. დადგენილება დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს.

ნიკა მელიას თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ როდესმე ასე ამაყად იგრძნობდა თავს:

„ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ უნდა დავიხსნათ ტყვეობისგან. ისინი არიან ტყვეობაში, რადგან არ არიან მზად თვალი გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგაც ღილაკს დააჭირეს ხელი. დიდ ნაწილს ამის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. ეს ყველას უბედურებაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შველა გვჭირდება. პოლიტიკურ კლასს, სახელისუფლებო გუნდს ვგულისხმობ, სჭირდება შველა, რომ ტყვეობიდან დავიხსნათ ეს ადამიანები. მძიმე ატმოსფერო და მძიმე აურა იყო და თავადაც მიხვდნენ ამ ყველაფერს.

შევალ ჩემ სამუშაო ოთახში, შემდეგ გავალ გარეთ, გულშემატკივრები არიან გარეთ. დამარცხებულია ბიძინა ივანიშვილი, იშვიათად ხდება ცხოვრებაში, თითქოს შენ დაგჩაგრეს, მაგრამ სინამდვილეში საკუთარ თავს გამოუტანეს წერა. ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა თავი მეგრძნო ასე ამაყად. ისევ რომან გოცირიძეს ნათქვამს გავიმეორებ, თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან“, - თქვა ნიკა მელიამ.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

კრემლი: იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის მსვლელობისას გაიმართება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი, შეხვედრას გამართავენ იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის დროს. პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება და მასზე საუბარი იქნება შეიარაღების კონტროლზე და მდგომარეობაზე ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდეტის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოსაკაში დაგეგმილი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება და დაახლოებით ერთ საათს გასტანს.

გუშინ აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტრამპის და პუტინის შეხვედრა ოსაკაში იქნება ნაწილი ტრამპის კერძო შეხვედრებისა რამდენიმე უცხოელ ლიდერთან. აშშ-ის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს თავმჯდომარემ, რიჩარდ ჰაასმა განაცხადა, რომ ოსაკის შეხვედრის წარმატებისთვის „არაფერია მომზადებული“. მისი თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები „ცუდ მდგომარეობაშია“.

ბექა ნაცვლიშვილი ოპოზიციას - მათ მიატოვეს ნიკა მელია და ეს არის სამწუხარო

„ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, ნიკა მელიას ტრაკით აკეთებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს იმ დღეებში და ისინი დღეს აქ არ სხედან და ნიკა მელია მათ მიატოვეს და ეს არის სამწუხარო“, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ოპოზციის, მისი თქმით, პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მას რამდენიმე მიზეზის გამო უჭირს გადაწყვეტილების მიღება, დაუჭიროს თუ არა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს.

„ძალიან მძიმეა, როდესაც პარლამენტი ჩადგა იმ მდგომარეობაში, რომ მან ადამიანის თავისუფლება არ თავისუფლებაზე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე გადაწყვეტილებას მირთულებს ისიც, რომ ჩემი გემოვნებისთვის საკმარისი მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი. მე ამ გადაწყვეტილებას მირთულებს ისიც, რომ „ევროპული საქართველო“ დღეს აქ არ ზის, მე არ ვლაპარაკობ „ნაციონალურ მოძრობაზე“, იმიტომ, რომ ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, ნიკა მელიას ტრაკით აკეთებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს იმ დღეებში და ისინი დღეს აქ არ სხედან. და ნიკა მელია მათ მიატოვეს და ეს არის სამწუხარო. აქედან გამომდინარე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე კი არ უნდა იყოს ლაპარაკი, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ პოლიტიკურად ვერ დავამარცხეთ. ვერ დავამარცხეთ. და ეს უაზრო დიქოტომია, რომ არსებობს პრორუსული, პროდასავლური ძალები, რომლის შენარჩუნებასაც ჩვენ ხელი შევუწყვეთ და რომლის საფუძველზეც ნებისმიერ დეპუტატს თუ პოლიტიკოსს შეიძლება მიაკერონ რაღაც მარკა, პრორუსულის, პროდასავლურის და ა.შ. ეს არის ამ ქვეყნის დიდი ტრაგედია. ეს დიქოტომია ანგრევს ამ ქვეყანას. ეს ერთი წელი, რაც არჩევნებამდე დარჩა, ამ ქაოსში კი არ წარიმართოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების დაყენებაში, არამედ წარიმართოს გონივრულ დიალოგში, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და შესაბამისად, როგორ უნდა ჩავატაროთ 2020 წლის არჩევნები“, - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა, ნიკა მელიას გადაწყვეტილება იყო, რომ ის პლენარულ დარბაზში მარტო დარჩენილიყო "ქართული ოცნების" პირისპირ. თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიკა მელია მარტოა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 წევრმა 3-ის წინააღმდეგ.

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს ბიუროს სხდომაზე.

გენერალური პროკურორის მიმართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღებენ.

გედევან ფოფხაძე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას მხარს არ უჭერს

გედევან ფოფხაძე

პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ხმას მისცემდა ინიციატივას, რომელიც გააუქმებდა პარლამენტის წევრის იმუნიტეტს და ყველას თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა.

„ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა დისკრიმანციული. მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას, მაგრამ თუ იქნება ინიციატივა, რომელიც მეც ჩამომართმევს იმუნიტეტს და ნებისმიერ თქვენთაგანს, თანახმა ვარ ასეთ გადაწყვეტილებაზე“ - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, არავის უნდა რომ ნებისმიერ დანაშაულში ეჭვმიტანილმა ადამიანმა პასუხი არ აგოს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს უფლება მელიას იმუნიტეტი შეუჩეროს და გადასცეს ჩინჩალაძე-მურუსიძის სასამართლოს.

გედევან ფოფხაძემ დეპუტატებს მოუწოდა გადაწყვეტილება მაღალი სტანდარტით მიიღონ და სხდომათა დარბაზი დატოვა.

მელია უმრავლესობას: აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი, თქვენ პანაშვიდი

ნიკა მელია

„მე ვთხოვე ჩემს კოლეგებს, კატეგორიულად ვთხოვე და მათ ეს თხოვნა გაითვალისწინეს, რომ დღეს ის სურათი ყოფილიყო, რომელიც არის. დიახაც, დღეს მე აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი“,- განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატმა ნიკა მელიამ ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის პასუხად. მამუკა მდინარაძემ მას პლენარულ სხდომაზე პირადად უთხრა, რომ კოლეგებმა მიატოვეს და არ სცადეს არგუმენტებით ეჩვენებინათ მისი პოზიციის სიმართლე.

მე ვარ აქ დღეს ამაყი, მაგრამ მგონია, რომ თქვენ არ ხართ ამაყები. მე დღეს ვარ თავისუფალი, მაგრამ თქვენ თავს გრძნობთ პირიქით, უხერხულ მორჩილებაში. მე ძალიან ბევრი რამ მექნება სათქმელი ჩემი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის, თანაც სიამაყით და ვფიქრობ თქვენ ძალიან ცოტა რამ გექნებათ სათქმელი სიამაყით თქვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის. განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმ ეპიზოდს, როდესაც მტერი ჩასვით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში.

მე დღეს მგონია, რომ ვარ დიახაც ისტორიის სწორ მხარეს და მე მჯერა, რომ თქვენ ხართ ისტორიის არასწორ მხარეს. მე დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თავისუფლად თვალი თვალს გაგისწოროთ მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ ამის გაკეთება და ეს იგრძნობა ხელშესახებად აქ ამ დარბაზში. დიახაც მე დღეს აქ ვარ მარტო, თქვენ ხართ ბევრნი, დღეს თქვენ აპირებთ ჩემს დაჭერას, მაგრამ მე ვარ ამაყი, მე მაქვს ზეიმი და თქვენ გაქვთ პანაშვიდი. და დღეს თქვენ განაჩენს მე ვერ გამომიტანთ და ღილაკზე მიჭერით თქვენ უბრალოდ თქვენ ბედს განსაზღვრავთ და საკუთარ ცხოვრებას განსაზღვრავთ. ასე რომ წარმატებები, ამის თქმასაც არ ვაპირებდი რომ არა ის ცილისწამება კოლეგების მიმართ“, - განაცხადა ნიკა მელიამ პლენარულ სხდომაზე, რომელზეც მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერების საკითხი განიხილება.

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს პარლამენტისადმი გენერალური პროკურორის მიმართვას დეპუტატ ნიკა მელიასთვის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

ნიკა მელიას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა. საქმე სისხლის სამართლის 225-ე მუხლითაა აღძრული.

ემზარ კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემზარ კვიციანი დეპუტატებს მოუწოდებს ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ. პროკურატურას კი მიმართავს და ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ნიკა მელია გამოძიებას დაემალება, რის გამოც მისი დაპატიმრება აუცილებელია.

ეს განცხადება მან პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატებმა დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე სასამართლოსთვის მისამართად პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას:

„ნიკა მელიას საკითხზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ის გირაოთია გამოშვებული და არ გაქცეულა არსად. დღესაც, აგერ მოვიდა და ზის და გისმენთ. ანუ, ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მისი პატიმრობაში ყოფნა? თუ არის იმის საშუალება, რომ დეპუტატები, ვისაც სურვილი ექნება, რომ თავდებში ჩავუდგეთ ნიკანორ მელიას, რომ აიღონ დეპუტატებმა თავის თავზე, რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის ხელს გამოძიებას. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ის არის ჩვენი კოლეგა და ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავიანთი კოლეგა გაწირეს. რადგანაც მივიღეთ, მოვიყვანეთ და დავსვით, მაშინ კეთილი ვინებოთ და კოლეგიალურობა დავიცვათ. მოვითხოვოთ შინა პატიმრობა, სანამ რ დასრულდება გამოძიება“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 წევრმა 3-ის წინააღმდეგ.

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირეს ბიუროს სხდომაზე.

გენერალური პროკურორის მიმართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღებენ.

პარლამენტი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის საკითხს განიხილავს

ნიკა მელია

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს პარლამენტისადმი გენერალური პროკურორის მიმართვას დეპუტატ ნიკა მელიასთვის დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

დეპუტატებს გენერალური პროკურორის მიმართვა გააცნო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა და დეპუტატებს ის საფუძვლები გააცნო, რომლის მიხედვითაც პროკურატურა ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ნიკა მელიას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა. საქმე სისხლის სამართლის 225-ე მუხლითაა აღძრული.

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში პროკურატურის მიმართვაზე ამირან გულუაშვილს დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ.

20-21 ივნისის ღამეს დაშავებულიდან 10 საავადმყოფოში რჩება

ჯანდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 20-21 ივნისის ღამე დაშავებულთაგან ამ დროისთვის 10 კვლავ საავადმყოფოში რჩება. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ერთი დაშავებული, რომლის იდენტიფიცირებაც ვერ ხერხდებოდა, კვლავ მართვით სუნთქვაზეა. მას რეზინის ტყვია თავში აქვს მოხვედრილი და საავადმყოფოში შეყვანისას უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცი იდენტიფიცირებულია, თუმცა მის პირად მონაცემებს ჯანდაცვის სამინისტრო არ გასცემს.

მართვით სუნთქვაზე დამზოგველ რეჟიმში იმყოფება კიდევ ერთი დაშავებული, სავარაუდოდ დავით ფარადაშვილი, რომელსაც ტყვია ასევე თავის არეში აქვს მოხვედრილი. მის შესახებ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მართვით სუნთქვაზე მყოფი მეორე პაციენტის კლინიკური მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ჯერ კიდევ სჭირდება ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და ჯერაც მართვით სუნთქვაზეა.

საავადმყოფოში ამ დრომდე მყოფებს შორის არიან დემეტრე ნაყოფია, რომლის თვალის გადარჩენაც ექიმებმა შეძლეს, მაგრამ კვლავ ინტენსიურ მკურნალობას გადის და გიორგი სულაშვილი, ასევე დაზიანებული თვალით და დამსხვრეული სახის ძვლებით. გიორგის თვალის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

20 ივნისის აქციის დაშლისას დაშავდა 240 ადამიანი, მათგან 80 პოლიციელი, 34 ჟურნალისტი. დაშავებულთა ნაწილს რეზინის ტყვია სახეში მოხვდა. ორმა დაშავებულმა თვალი დაკარგა, სხვა ორი ადამიანი მართვით სუნთქვაზეა.

20 ივნისის ღამეს შსს-მ აქციის 305 მონაწილე დააკავა. 24 ივნისს 10 სამართალდამცველს, რომელიც აქციის დაშლის ოპერაციაში მონაწილეობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.

საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება და მოქალაქეები შს მინისტრის გადადგომას, დაკავებულების გამოშვებას და იმ პოლიციელების დასჯას მოითხოვენ, რომლებმაც დარბევისას ძალას გადააამეტეს.

ნიკა მელიამ დეპუტატის იმუნიტეტი დაკარგა

ნიკა მელია ისმენს გადაწყვეტილებას იმუნიტეტის მოხსნის შესახებ

საქართველოს პარლამენტმა 91 ხმით არცერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა გენერალური პროკურორის მიმართვას, პარლამენტის წევრის, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვაზე თანხმობის მიცემის შესახებ.

პარლამენტმა კენჭი უყარა დადგენილების პროექტს "საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ."

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებიდან დარბაზში გადაწყვეტილებას უსმენდა მხოლოდ თავად ნიკა მელია. ამ პარტიის სხვა დეპუტატები და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად სხდომას არ ესწრებოდნენ.

პროკურატურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობას.

აშშ-ის ყოფილი სპეცპროკურორი რობერტ მიულერი ჩვენებას მისცემს აშშ-ის კონგრესის კომიტეტებს

რობერტ მიულერი

რობერტ მიულერი, რომელიც უძღვებოდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის თაობაზე გამოძიებას და მოსკოვთან დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრთა შესაძლო კავშირებს, ჩვენებას მისცემს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სასამართლო საქმეებისა და დაზვერვის კომიტეტებს. მოსმენა საჯარო იქნება. გამოსვლა 17 ივლისისთვის არის დანიშნული.

ორი კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყოფილმა სპეციალურმა პროკურორმა მზადყოფნა გამოხატა, მისცეს ჩვენება, მას მერე, რაც ოფიციალური მიწვევა მიიღო სხდომებზე გამოსაცხადებლად. „ამერიკელებმა მოითხოვეს, რომ სპეციალური პროკურორი გამოვიდეს და ახსნას, მისმა გუნდმა რა გამოიძია, რა აღმოაჩნია და რა დაადგინა დემოკრატების წინააღმდეგ რუსების მიერ განხორციელებული შეტევის თაობაზე“, ნათქვამია ორი კომიტეტის განცხადებაში.

სპეცპროკურორ მიულერის ანგარიშში, რომელიც ორი თვის წინ გამოქვეყნდა, მოტანილია მრავალრიცხოვანი მონაცემები ამერიკის საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის შესახებ. მაგრამ გამოძიების შედეგად არ აღმოუჩენიათ ტრამპის გარემოცვასა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გარიგების ნიშნები. ამავე დროს სპეცპროკურორმა უარი თქვა, გაეკეთებინა დასკვნა, უშლიდა თუ არა ტრამპი არჩევნებს ხელს. დონალდ ტრამპის კრიტიკოსებს, რომელთა უმრავლესობას დემოკრატები შეადგენენ, მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი ხელს უშლიდა მართლმსაჯულებას, ანუ არღვევდა კანონს. ისინი იმედოვნებენ, რომ ყოფილი სპეცპროკურორი დაადასტურებს ამ თვალსაზრისს.

ნიკა მელია პარლამენტის პლენარულ სხდომას მარტო, თანაგუნდელების გარეშე დაესწრება

„ნაციონალური მოძრაობის წევრი “ნიკა მელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შევიდა, სადაც დეპუტატებმა კენჭი უნდა უყარონ ნიკა მელიას დაპატიმრებაზე სასამართლოსთვის მისამართად პროკურატურისთვის თანხმობის მიცემას.

მელია სხდომას მარტო, თანამოაზრეებისა და თანაპარტიელების გარეშე დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განუმარტა რადიო თავისუფლებას, ნიკა მელიამ გადაწყვიტა, რომ მარტო იყოს "ქართული ოცნების" დეპუტატების წინაშე:

"ნიკა მელია არ დაზარალდება, რადგან ჩვენ ჩვენი პოზიცია გვაქვს გახმაურებული. ხელისუფლებას უნდა საკუთარი დანაშაულის გადაფარვა. დღეს, ნიკა მელიასთან ერთად რომ განიხილებოდეს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხიც, მე ვიტყოდი, რომ რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა ჩატარდეს და ყველას წილი პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს. მაგრამ ის, რაც აქ ხდება, ეს არის კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა. "ქართულ ოცნებას" თვალი ატყუებს, რადგან ჰგონიათ, რომ დარბაზში ბევრნი არიან. პასუხს ამ ადამიანებს ათიათასობით ახალგაზრდა სთხოვს და მომდევნო კრიზისი "ქართული ოცნებისათვის", მგონი, რომ გადაულახავი იქნება", - ამბობს ირმა ნადირაშვილი.

პროკურატურა ნიკა მელიას ბრალად სდებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში.

ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6-მა წევრმა ერთის წინააღმდეგ და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 9 წევრმა 3-ის წინააღმდეგ.

ნიკა მელიას დაპატიმრებაზე პროკურატურისთვის თანხმობის მიცემის საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვას ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირეს ბიუროს სხდომაზე.

გენერალური პროკურორის მიმართვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შედეგად მიიღებენ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG