ახალი კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდა, ბევრ ნიუანსს შეიცავს. რა უნდა იცოდეს მან, ვინც უკვე საპენსიო ასაკისაა?
თუ მამაკაცი კანონის მიღების მომენტისთვის (2018 წლის 6 აგვისტო) უკვე გახლდათ 60 წლის, ქალი კი - 55 წლის, ის დაგროვებით სისტემაში ავტომატურად არ ერთვება, თუმცა შეუძლია ჩაერთოს ნებაყოფლობით.
პენსია ერთიანად
სხვებისგან განსხვავებით, უკვე საპენსიო ასაკში (60 და 65 წელი) მას ერთიანად შეუძლია გაიტანოს დაგროვილი პენსია, თუმცა ასევე შეუძლია ფული ყოველთვიური პენსიის სახით მიიღოს.
დაგროვილი პენსიის ერთიანად აღება შეუძლია ასევე შშმ პირს და იმ ადამიანს, რომელიც დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
თუ თანხის გატანასა თუ გადანაწილებაზე პირმა განცხადება არ დაწერა, მაშინ ის განაგრძობს თანხის დაგროვებას.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანმა სიცოცხლის ბოლომდე ვერ ან არ აიღო დაგროვებული პენსია, ის გადაეცემა მემკვიდრეს.
რა ხდება, როცა ადამიანს მთლიანად გააქვს პენსია, მუშაობას კი განაგრძობს
ჯერჯერობით კანონი ამ საკითხს არ არეგულირებს.
თუ პირმა უკვე მიაღწია საპენსიო ასაკს, მას შეუძლია დაგროვებული პენსიის აღება დაიწყოს, მიუხედავად იმისა, აგრძელებს მუშობას, თუ არა. თუმცა, თუ პენსიის აღებას დაიწყებს, დაგროვებას უკვე ვეღარ შეძლებს.
გინდა უარი თქვა პენსიაზე?
პენსიის დაგროვებაზე უარს ვერ იტყვი, თუ 40 წელზე ახალგაზრდა ხარ და არ ხარ თვითდასაქმებული.
იმ პირს კი, რომელიც 6 აგვისტოს უკვე 40 წლის იყო და 1 იანვარს ავტომატურად ჩაერთო დაგროვებით საპენსიო სქემაში, შეუძლია პენსიის დაგროვებაზე უარი თქვას. ამისთვის მან 1 აპრილიდან 31 მაისამდე საპენსიო სააგენტოს სახელზე განცხადება უნდა დაწეროს.
საპენსიო სააგენტოს მთავარი ოფისი თბილისშია - ნ. ყიფშიძის 7ბ-ა. აპრილამდე ასევე იგეგმება სოციალური მომსახურების სააგენტოებში ოპერატორების გადამზადება, რათა მათ თბილისის სხვა უბნებსა და რეგიონებში მოსახლეობის მომსახურება შეძლონ.
სტატია ეფუძნება რადიო თავისუფლების ინტერვიუს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელ ლევან სურგულაძესთან.
დაწერეთ კომენტარი