”წერილი თავშესაფრიდან” - ასე დავარქვი ჩემს მეორე წიგნს, რომელზეც მუშაობა რამდენიმე საათით მაინც მავიწყებს ლტოლვილობის ყოველდღიურ მძიმე ყოფას. პირველი წიგნი ”ლუკა პირველის ცისფერი ღამეები”, რომელშიც გაიგებთ ყველაფერს სექსუალური უმცირესობების თბილისზე, ქალაქზე, საიდანაც ისინი გარბიან. პირველი ქართული გეი რომანი, შეიძლება ითქვას, გახდა ერთ-ერთი მიზეზიც რატომაც საბოლოოდ გადავწყვიტე ბელგიისთვის თავშესაფარი მეთხოვა. რაც შეეხება ჩემს მეორე ნამუშევარს, ამ წიგნში ორ ევროპაზე გიამბობთ. თავშესაფრის ევროპაზე და მეორე იმ ევროპაზე რომლითაც თავად ევროპა პატარა ქვეყნებს და დანარჩენ მსოფლიოს ესაუბრება.

3 თვეა ბელგიაში ვცხოვრობ, მთელი ამ ხნის განმავლობაში არასდროს მითქვამს, რომ დევნილთა ბანაკში ჩავბარდი! არ მინდოდა ზედმეტი დრამატიზება ისედაც უმძიმესი რეალობის, უფრო სწორად ვერიდებოდი ვინმეს არ წამოეძახებინა - ”თუ არ შეგეძლო, სად მიეთრეოდიო” ან ”რა გეგონა, აბა, თავშესაფარში წითელ ხალიჩას დაგიგებდნენო?!”

მაგრამ ახლა მინდა რეალობა დაგანახოთ. არ გაშინებთ და არციმის დამტკიცებას ვცდილობ,თუ როგორი არაჰუმანურია ხანდახან ევროპა. მინდა ფსიქოლოგიურად მოემზადოთ და ჩემნაირად აბსოლუტურად სხვა გარემოში არ აღმოჩნდეთ, ვიდრე მოელოდით. აქ ყოველი ღამე უსასრულო ბრძოლაა სიკვდილსა და თავის გადარჩენას შორის.

ყველა კამპი განლაგებულია ქალაქებიდან ძალიან შორს, ტყეებში, არა გარე განათება, ღამე არც პოლიცია და არც ექიმი, უინტერნეტობა და გაყინული დერეფნები. ეს ყველაფერი, იმდენად გასუსტებს, რომ როდესაც ღამით ორსართულიანი ლოგინების მწკრივში ფარდას ჩამოაფარებ და მარტო რჩები, ფიქრობ, რომ დილით ვეღარ გაიღიმებ.არ იფიქროთ, რომ ვინმე თქვენი ჯანმრთელობის ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით ცალკე ოთახს მოგცემთ. საერთო საცხოვრებელ ოთახს თავშესაფრის უზარმაზარ ცენტრებში იზიარებენ გეი, ჰეტეროსექსუალი, ქრისტიანი, მუსლიმი, თეთრკანიანი, შავკანიანი, შშმ პირი და ომგავლილი ადამიანები. მინდა, წარმოიდგინოთ რა დაუცველად გრძნობ თავს, როდესაც სიცხიანი, საშინელი ყელის ტკივილით ელოდები, როდის მიიღებ სოფელში გამოწერილ მედიკამენტებს,და ბოლოს შეიძლება ღიმილიანი სახით გითხრან, რომ თქვენი წამლები დღეს არ მოვიდა და ხვალ კიდევ ერთხელ გადააგზავნიან წერილს.

ხანდახან ფიქრებს და მოგონებებს, მონატრებას კარგად უმკლავდები, მაგრამ სწორედ მაშინ აღმოაჩენ, რომ არის რაღაცები, რაც შენზე ძლიერია. ამ დროს საკუთარი თავის კონტროლს კარგავ. როგორც კი ღამდება, გული გიჩქარდება და ენით აუწერელ შფოთვებში ეშვები, დილით კი საშინელი კოშმარები გაღვიძებს.

ბევრჯერ მიფიქრია სხვადასხვა ქვეყანაში რამდენი ქართველი გრძნობდა და განიცდიდა იმავეს და ხანდახან მიკვირდა მათი ვაჟკაცობის. არ ვიცი, რომ იყოს ერთი მთავარი მიზეზი, ავდგებოდი და იმ ერთზე ვიმუშავებდი, რომ საკუთარ ქვეყანაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ რთულია, როცა რაღაც გულით გინდოდა და ყველაზე მეტად გჭირდებოდა ნდობა და იმედი რომ ეს ყველაფერი ამჯერად მაინც გაამართლებდა, მაგრამ სწორედ ამ რწმენის გამო საკუთარ ქვეყანაში ბევრჯერ სულელურ სიტუაციებში ავმოვჩენილვარ! უბედური, ძლიერი, სუსტი თუ რა ჰქვია ამ მდგომარეობას?! ბევრი თავის უმძიმეს ყოფას ინსტაგრამზე ატვირთული მოდიფიცირებული ფოტოებით ნიღბავს. არც ის ვიცი, კარგს ვაკეთებ სიმართლეს რომ ვწერ თუ უარესს, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში არასდროს დამწყდება გული, რომ რაღაც არ გავაკეთე და ამ რაღაცის შიშით ”კარტოფილის რესპუბლიკაში” ჩავრჩი.

აქ ყოველდღიურად მოჰყავთ კრიმინალები, ჰომოსექსუალები, ომში დაზარალებულები, ქვეყნიდან იძულებით განდევნილები. ღატაკნი და უბედონი, რომლებსაც ყველაზე მეტად მაინც თავიანთი ბედის მატარებელი ადამიანები სძულთ.

აბანოები კოტეჯებიდან 200 ნაბიჯზეა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს გაზვიადებული შეფასებაა, მაგრამ წარმოიდგინეთ ზამთრის ყინვაში როცა გარეთ გასვლა ტანისამოსითაც ჭირს, პირსახოცით, ნახევრად სველს გიწევს ამ გზის გავლა..ვინც სუსტია და ქუჩაში არ უცხოვრია ისინი ამ პირობებს ვერ ვუძლებთ და სხვადასხვა ხარისხის ანთებით თვეობით ვწევართ ლოგინში. საუზმე 7-ზე, მერე 12-ზე და ბოლოს ვახშამი საღამოს 6 საათზე სახლიდან 100-150 მეტრის მოშორებით გაწყობილ სამზარეულოშია, სადაც რიგი თუ არ დაიკავე, მშიერი რჩები.

ევროპა ერთი მხრივ მსოფლიოს აჩვენებს, როგორი ჰუმანურია და მეორე მხრივ თავშესაფრის სასტიკი სისტემა კარგად მოფიქრებული პოლიტიკაა. თავშესაფრის საუკეთესო ბინებში 2000-წლიანი მოდელის პანასონიკის ფირმის ტელევიზორებსაც წააწყდებით, მათი უმრავლესობა არ ირთვება. ჩემი ოთახის აფრიკელმა მეგობრებმა, იატაკის წმენდით,დღიურ მონურ შრომაში 2-2 ევროთი დიდ ვერაფერი თანხას მოაუყარეს თავი, მაგრამ წილში გამიყვანეს და ქალაქის ცენტრში ინტერნეტმოწყობილობის საყიდლად წავიდნენ, რომლითაც ტელევიზორსაც აამუშავებდნენ. აღმოჩნდა, რომ ამ მოწყობილობის შესაძენად ბელგიის მცხოვრების საბუთი იყო საჭირო. მეტსაც გეტყვით, “მედიქალის” - სამედიციონ შემოწმების რიგებს თუ გაუძლებთ და ექიმთან შეხვედრას მოახერხებთ, სხეულის რა ტემპერატურაც უნდა გქონდეთ თერმომეტრი ერთსა და იმავეს 34-35 და ხანაც 36 აჩვენებს, თუმცა იქვე აუცილებლად გაძლევენ პარაცეტამოლის მთელ შეკვრას, რომ ვინიცობაა მაღალი სიცხე მოგცეს წამალი დალიოთ. ეს ხრიკი მედიქალს პაციენტების ჰოსპიტალიზაციისგან თავის ასარიდებლად აქვთ შემუშავებული, რომელიც მათთვის დამატებითი ხარჯებია. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა 3-კვირიანი ავადმყოფობის შემდეგ კიდევ ერთხელ მივაკითხე მედიქალს და კაეგორიულად მოვთხოვე ჰოსპიტალში გადავეყვანეთ. ტემპერატურა ჯერ ადგილზე გამიზომეს და პარაცეტამოლის კიდევ ერთი შეკვრა შემომთავაზეს, თუმცა მალევე მიხვდნენ რომ ამ პროცედურას უკვე მეხუთედ გავდიოდი და ცოტა სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჰოსპიტალში და ადგილობრივ ცენტრში რამდენიმე წუთიანი ინტერვალის დაშორებით ტემპერატურის გაზომვისას თერმომეტრმა 35.5-ის მაგიერ 39 აჩვენა და აი, მაშინ ყველაფერს აეხადა ფარდა. მოგვიანებით, როდესაც ექიმს ვუსაყვედურე, მშვიდი სახით მიპასუხა: ”დიახ, სამწუხაროდ ჩვენი თერმომეტრი ხანდახან უზუსტოა და ვწუხვარო”.

თავშესაფარში თქვენი ცხოვრება, როგორც წესი, 5-6 თვემდე გასტანს. ამ ხნის განმავლობაში კომისარიატში 6-7-ჯერ მაინც გიწევს მისვლა, მაგრამ შენი ინტერვიუების თარიღები იცვლება. პირველად მცირე ზომის, ხოლო მეორედ ხანგრძლივი ინტერვიუს გავლა მოგიწევთ რომელიც 5-6 საათს გრძელდება და სასამართლო პროცესს უფრო ჰგავს, ვიდრე ინტერვიუს. აქ დეტალურად გეკითხებიან, რატომ არის თქვენი სიცოცხლისთვის საქართველოში დაბრუნება საფრთხის შემცვლელი. ბოლოს კი ელოდებით წერილს კომისრისგან, სადაც თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებული ან უარყოფილი იქნება. მე ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვარ მაგრამ სხვა ქართველებისგან ვიცი, რომ ამის შემდეგ იწყება უფრო რთული ბრძოლა და პროცედურების მთელი ჩამონათვალი:ბინის ქირაობა და მოწყობა, ენის შესწავლა, ინტეგრაცია, სამსახურის უფლება და მოძიება. თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ სრულყოფილი ადამიანი ხართ და უფლება გაქვთ იცხოვროთ მათ ქვეყანაში.

ელია ამისულაშვილი გოგი გვახარიას გადაცემა “განდევნილი უმცირესობების” გმირი უნდა ყოფილილიყო, თუმცა მან ვერ მიიღო მონაწილეობა "ანარეკლებში", რომელიც ავტორმა რამდენიმე თვის წინ ბელგიაში გადაიღო. ქვეყნაში, რომელმაც სექსუალური არჩევანის გამო დევნილი ქართველები შეიფარა. ელიამ ბელგიურ თავშესაფარში ცხოვრების ამბავი “რადიო თავისუფლებას” წერილობით გამოუგზავნა.