უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს თბილისში განიხილავენ მსოფლიო საპატრიარქოს და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. დღეს დაგეგმილია მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. კონსტანტინოპოლიდან ჩამოსულ დელეგაციას მიტროპოლიტი ემანუელი ხელმძღვანელობს.
პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, შეხვედრის მიზანი არ არის კონკრეტული გადაწყვეტილების დღესვე მიღება. „შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა მოძმე ეკლესიებისათვის. მიტროპოლიტი მხოლოდ ჩვენთან არ ჩამოსულა, ისინი სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში დადიან და ეკლესიების ლიდერებს თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობას აცნობენ. ისევე, როგორც მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები“ - უთხრა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა. მისი თქმით, საქართველოს ეკლესია უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებს. ამ სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
2019 წლის 5 იანვარს, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი მოაწერა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. მსოფლიო საპატრიარქომ ავტოკეფალურ ეკლესიებს მოუწოდა, აღიარონ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ამასთან, სინოდის წევრთა ნაწილმა უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობა საჯარო განცხადებებით მიულოცა.
29 იანვარს, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისში მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია იმყოფება, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა: „უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ მთელს მართლმადიდებელ სამყაროში, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში. ჩვენთანაც გამოიკვეთა ორი მხარე, რომლებიც ცალ-ცალკე ცდილობენ, ის პოზიცია, რაც მართებულად მიაჩნიათ, ყველა საშუალებით დაიცვან. სახეზე გვაქვს სასულიერო და საერო პირთა პოლიტიკური და რელიგიური შეფასებები და განცხადებები. ამასთან, არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან, რაც პირველ რიგში მთქმელს აყენებს ჩრდილს. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს. ამჟამად მთავარი არის მართლმადიდებელთა ერთობის შენარჩუნებისთვის ზრუნვა, ხელის შეწყობა იმისათვის, რომ დაცხრეს დაძაბული ვითარება და სამართლიანობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გარემო შეიქმნას. ჩვენი მცდელობა, ლოცვით თუ საქმით, ამ ერთობისთვის უნდა იყოს მიმართული და ამიტომაც მოგმართავთ ყველას და გთხოვთ, იყოთ კორექტულნი როგორც ერთმანეთთან მიმართებაში, ისე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.“