2 თებერვალს საქალაქო სასამართლოში დაიწყო შსს-ს მიერ დაკავებულ იმ პირთა პროცესი, რომელთაც პროკურატურა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებას ედავება.
1 თებერვალს შსს-მ 17 ადამიანი დააკავა. დღეს სასამართლოს წინაშე 9 მათგანი წარდგება.
პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას მათთვის, ვინც ვიდეოს ავრცელებდა (დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს) და გირაოს მათთვის, ვინც ეს მასალა პირად შეტყობინებაში მიიღო, თუმცა პოლიციისთვის არ უცნობებია.
“დანაშაულია, როდესაც იღებ ინფორმაციას სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოს შესახებ და არ აცხადებ პოლიციაში”, - განაცხადა პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა.
"სისულელე და შერჩევითი სამართალი" უწოდა “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ იმ ადამიანების დაპატიმრებას, ვინც თავად არ ავრცელებდა აღნიშნულ ვიდეოებს.
“დასასჯელია ადამიანი, რომელმაც ეს ფაილი ატვირთა. მას ჰქონდა პოლიტიკური მიზანი. ეგრე ინტერნეტში უამრავი ლინკი და სისულელე ყრია. გასაგებია, ჩვენ შეიძლება, არ მოგვწონდეს ეს საქციელი, ჩემი აზრით ამორალურია, მაგრამ ჩვენ თუ ამის გამო ადამიანების დასჯა დავიწყეთ, დასასჯელია ათობით ათასი ადამიანი. თუ ათობით ათასი ადამიანისგან 16-ს არჩევენ, მაშინ ეს არის შერჩევითი სამართალი,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის “გირჩის” წევრებიც არიან.