Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტი აკრიტიკებს ტრამპს აშშ-ის ბაზის დანიშნულების იდეის გამო


ერაყის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბაღდადისთვის არ უთხოვია ნებართვა ერაყში განლაგებული ამერიკელი სამხედროების მიერ "ირანზე დაკვირვების" თაობაზე. პრეზიდენტი ბარჰამ სალიჰი ამ განცხადებით 4 თებერვალს გამოვიდა, მას შემდეგ, რაც ტრამპმა სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ს ერაყში "არაჩვეულებრივი ბაზა" აქვს, რომლის შენარჩუნებასაც გეგმავს - "საიმისოდ, რომ ირანზე დაკვირვება შევძლოო". ბაღდადში გამართულ ფორუმზე გამოსვლისას სალიჰმა თქვა, ერაყში აშშ-ის სამხედროები განთავსებული არიან ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ტერორიზმთან ბრძოლის საგანგებო მისიითო და დასძინა, რომ სამხედროები ამ მისიის ერთგულნი უნდა დარჩნენ. "ერაყს ზედმეტ ტვირთს ნუ შეუქმნით თქვენი საკითხებით", დასძინა სალიჰმა.

CBS-ით გადაცემულ ინტერვიუში, 3 თებერვალს ტრამპმა თქვა, მნიშვნელოვანია ერაყში შევინარჩუნოთ აშშ-ის სამხერო ყოფნა, რათა ვაშინგტონმა ახლოდან მიადევნოს თვალი ირანს, იმიტომ, რომ "ირანი რეალურ პრობლემას წარმოადგენსო". ამ განცხადების ფონია ტრამპის მიერ გასულ თვეში მიღებული გადაწყვეტილება, რომ სირიიდან გაიყვანს 2000-ვე სამხედროს. ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც შარშან აშშ გავიდა ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG