Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ პოზნერი: ნუ გააბრაზებ დიდ ძმას!


ავტორი: ოთო ფარეიშვილი

“რატომ გადაწყვიტე რელიგიის გავლენაზე წერა, როცა საქმე ძირითადად Fake News-ს ეხება?” - მკითხა ლექტორმა, როცა ავუხსენი, რომ თეზისის დაცვას რუსულ რბილ ძალასა და მასში რელიგიის როლზე ვაპირებდი.

ისე ამაყად მკითხა, ვითომ, დეზინფორმაცია რუსული გამოგონება იყოს… თეზისის ხელმძღვანელს, წესით, დაეჯერება და მეც რუსული მედიის არცისე მღვრიე გუბეში ჩავეშვი.

რუსული მედია ნამდვილად გუბე აღმოჩნდა და თან - არც ისე მღვრიე. მასში გზის გაგნება და ძირითადი ტრენდის დანახვა ძალიან ადვილია: ლანძღე კაპიტალისტი ღორი, ადიდე ან არაფერი თქვა მეფეზე, ტაქტს აყოლილი ტაშისა და ღიმილის თანხლებით შესციცინე უნიჭო მომღერალს და, ზოგჯერ, მართალია - ამაოსა ზედა, მაგრამ მაინც ახსენე ღმერთი, თუნდაც ისეთი მარტივი ფრაზით, როგორიცაა боже упаси меня.

ვინც რუსულ მედია სივრცეში ჩამოთვლითაგან არცერთს აკეთებს ვლადიმერ პოზნერია: ის კაპიტალისტებსაც აქებს, მეფესაც ლანძღავს, ჯაზს უსმენს და ათეისტია. ვის ეთქმის სიტყვა თუ არა ერთდროულად ფრანგ, ამერიკელ და რუს ინტელექტუალს? ჰო, ებრაელიცაა, გერმანელი შვილიშვილებით. მსოფლიო მოქალაქე, ერთგვარად.

საბჭოთა პროპაგანდისტი, რომელიც, როგორც თავად ამბობს, მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირზე მამის მონათხრობის გავლენის ქვეშ იყო და ახლა ამ ყველაფერს გულწრფელად ნანობს. როგორც ასევე თავად ყვება, არასდროს უთანამშრომლია საბჭოთა ან რუსულ დაზვერვასთან. რუსული ჟურნალისტიკის მეტრი კიდევ ბევრ რამეს ამბობს - იმასაც, რომ ის პუტინის ყველაზე დიდი კრიტიკოსია. ერთი შეხედვით, ეს ასეც არის: ელიტური კორუფცია, საპენსიო რეფორმა, გზები, მედია ცენზურა - ჩამონათვალი არც ისე დიდია, მაგრამ პოზნერი პუტინს მართლაც აკრიტიკებს და ამ ყველაფერს დაუფარავად, უცხოურ მედიასთან აკეთებს. ძლიერ დარდობს მსოფლიო რუსულ პენსიასა და ‘გაიშნიკზე’. ასეა.

საყვედურობს თუ არა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი მის სეხნიას იმას, რაც დასავლეთს მართლა ადარდებს? 2018 წლის სექტემბერში პოზნერის საჯარო ლექციას, სათაურით How the US created Vladimir Putin? იელის უნივერსიტეტში მოუსმინეს. როგორ შექმნა შეერთებულმა შტატებმა ვლადიმერ პუტინი? მომხსენებლის მტკიცებით, ჯეიმს ბეიკერსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის შემდგარი სიტყვიერი შეთანხმება, რომელიც ოფიციალურად ხელმოწერილი არასდროს ყოფილა, იმის შესახებ, რომ გერმანიის გაერთიანების შემთხვევაში, NATO-ს ალიანსი არ გაფართოვდებოდა, 1990-იანების ბოლოს, პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის ‘ნატოში’ გაწევრიანებით დაირღვა.

“1985 წლიდან, ანუ გორბაჩოვის მმართველობის პერიოდიდან, 2007 წლამდე, 22 წლის განმავლობაში, თქვენ ვერ გაიხსენებთ რუსეთის ვერცერთ ქმედებას, რომელიც დასავლეთს, ან შეერთებულ შტატებს გააღიზიანებდა - ამბობს პოზნერი, - 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ, პუტინმა გამოთქვა სურვილი დახმარებოდა ამერიკას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაეხმარა კიდეც. რა მიიღო სანაცვლოდ? კიდევ უფრო გაფართოებული ‘ნატო’; გამოთქვა სურვილი თავადვე გაწევრიანებულიყო ‘ნატოსა’ და ევროკავშირში. პასუხი? - ‘მიდი, გაისეირნე!”

რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა გაესეირნა, რადგან მომხსენებელს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სამოქალაქო ომებში რუსეთის ჩართულობაზე, აფხაზეთზე, მოლდოვასა და დნესტნისპირეთზე, ჩრდილოეთ ოსეთსა და ბესლანის სკოლაზე, ტაჯიკეთის სამოქალაქო ომზე, ჩეჩნეთის წინააღმდეგ ნაწარმოებ ორ ომზე, დაღესტანსა და ჩრდილოეთ კავკასიაში ჩატარებულ ოპერაციებზე. NATO-ს გაფართოებას ის რუსეთის ეგზისტენციალურ საფრთხეს ეძახის და რუსეთის ნაბიჯებს პოლიტიკის თეორიის მხრიდან ამართლებს. დემოკრატიული მშვიდობის თეორია, რომელიც დასავლურ სახელმწიფოებს აერთიანებთ, რატომღაც, მისი თეორიული არსენალის მიღმა დარჩა.

“იცით, რუს ხალხს ჯერა, რომ მათ მისია აქვთ, რომ მათ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ მსოფლიოში. დასავლეთის პასუხების შემდეგ, რუსები შეურაცხყოფილები იყვნენ. სწორედ ამ შეურაცხყოფაზე წაყრუებას ვერ პატიობდნენ ისინი გორბაჩოვსა და ელცინს.”

რა მისიაზე ლაპარაკობს პოზნერი? - სავარაუდოდ, “მესამე რომზე”, მე-16 საუკუნეში გაჩენილ იდეაზე, რომელსაც ბულგარეთმა 2 საუკუნით დაასწრო, მაგრამ იდეაზე საავტორო უფლება მას ეკუთვნის, ვინც უფრო დიდ ‘ბიდლოს’ ფლობს. რუსები კი ‘ბიდლოში’ ჩემპიონები არიან.

‘კრიტიკოსი’ იმ იდეას ავითარებს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ რუსულ ცოდვებზე თვალი უნდა დახუჭოს, რადგან რუსებს არც სანქციები ადარდებთ და არც იზოლაცია, რომ ეს ყველაფერი მათ მხოლოდ აძლიერებთ და კიდევ უფრო საშიშ მხეცად აქცევთ. ისინი უპირობო მხარდაჭერას უცხადებენ ბელადს, რომელმაც დასავლეთის უყურადღებობას თვითიზოლაციითა და სამხედრო აგრესიით უპასუხა. ვლადიმერ პოზნერი რუსული მედიისა და პოლიტიკური ელიტის ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ ნათელ წერტილად ითვლება, რომელსაც დასავლეთთან თანასწორი დიალოგის წარმოება შეუძლია. სამწუხაროდ, ისიც იმ რიტორიკის ნაწილია, რომელიც ამტკიცებს , რომ მსოფლიოს ‘დიდი ძმის’ შიში მართებს, რომ ის არავითარ დათმობაზე არ წავა, რომ მას არც მოდერნიზაცია ადარდებს და არც ადამიანის უფლებები. მსგავსი რიტორიკა პრო-რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა საქართველოშიც აქტიურად აითვისეს.

რუსული მედია და მისი მთავარი სახე იმდენად არიან დამოუკიდებლები სახელმწიფო აპარატისგან, რამდენადაც სასამართლო, ეკლესია, ან მსხვილი ბიზნესი. რაც მართალია, რასაც ვერ დამალავ, მისი ენაწყლიანობაა: სამი მშობლიური ენა, აქედან ერთი ნასწავლი, მაგრამ ხომ მშობლიურივით? პოზნერი ინტელექტუალია; პოზნერი ლიბერალია; პოზნერი უკმაყოფილოცაა.

ის, დაახლოებით, რონალდ რეიგანის მიერ მოყოლილი ანეკდოტივით მოქმედებს:

მე შემიძლია შევიდე თეთრ სახლში, დავარტყა ხელი მაგიდაზე და პრეზიდენტს ვუთხრა, რომ არ მომწონს, როგორც ის მართავს ქვეყანას, - ეტრაბახება ამერიკელი საბჭოთა მოქალაქეს.

მეც შემიძლია იგივეს გაკეთება…

ეგ როგორ? - უკვირს ამერიკელს.

მეც შემიძლია შევიდე კრემლში, გენ.სეკის კაბინეტში, - ყვება ამხანაგი, - მეც დავარტყამ ხელს მაგიდას და ვეტყვი, რომ არ მომწონს, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი მართავს ქვეყანას.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG