საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დარწმუნებულია, რომ გამოძიება მივა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელების პირველწყარომდე. ამჯერად, საუბარია პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერზე, რომლის შენახვასა და გავრცელებაში 17 პირია ბრალდებული. ამასთან, მინისტრმა უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტების შეკითხვა, რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ 2016 წელს გავრცელებული ფარული ჩანაწერების პირველწყაროს დადგენა.
რაც შეეხება ბოლო ფაქტს, გიორგი გახარიას თქმით, გამოძიება გრძელდება და თუ გარკვეულ ეტაპზე ტექნიკური სირთულეებიდან გამომდინარე საჭირო გახდება, დახმარებას პარტნიორებს თხოვენ. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, კიბერდანაშაული საკმაოდ რთულად გამოსაძიებელია და სამართალდამცავები სტრუქტურების მთელი რესურსია მობილიზებული, რათა გავრცელების პირველწყაროს მიაგნონ
გიორგი გახარიას თქმით, ჩადენილია მძიმე დანაშაული, ამიტომ სამართალდამცავი სისტემისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სხვაობას გავრცელებას, პირველწყაროს თუ შენახვას შორის. „როგორც კი აქ დავუშვებთ კომპრომისს და გვექნება განსხვავებული მიდგომები გავრცელებას, შენახვას და პირველწყაროს შორის, რა თქმა უნდა, მსგავს დანაშაულთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.