Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა თავისი რაკეტა 9M729 მეტგან განათავსა, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ


რუსეთმა თავისი საკამათო ფრთოსანი რაკეტა 9M729 მეტ ადგილზე განალაგა, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ. ამის შესახებ გერმანიის გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ იტყობინება თავის საკვირაო გამოცემაში. გაზეთი დასავლურ სადაზვერვო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სარაკეტო ბატალიონები განთავსდა ჩრდილოეთ ოსეთში, მოზდოკში, და შუიაში, მოსკოვის მახლობლად. მანამდე ცნობილი იყო საწვრთნელი ბატალიონების შესახებ სამხრეთ რუსეთში მდებარე კაპუსტინ იარში და ეკატერინბურგის აღმოსავლეთით მდებარე კამიშლოვში.

2 თებერვალს აშშ-მა გამოაცხადა, რომ დატოვებს ცივი ომის დროს ხელმოწერილ საკვანძო მნიშვნელობის ხელშეკრულებას საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის კონტროლის თაობაზე. ეს ნაბიჯი აშშ-მა გადადგა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა და ნატომ არაერთხელ დასდეს რუსეთს ბრალი ხელშეკრულების დარღვევაში 9M729 რაკეტების განლაგებით, რომლებიც SSC-8-ის სახელითაცაა ცნობილი. რუსეთმა, რომელიც უარყოფს ბრალდებებს, განაცხადა, რომ ისიც გადის 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან. ამ ხელშეკრულებით ქვეყნებს ეკრძალებათ 500-დან 5500 კილომეტრის რადიუსში მოქმედი სახმელეთო ფრთოსანი ან ბალისტიკური რაკეტების განლაგება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG