Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაგროვებითი საპენსიო სისტემის შეცვლას "ქართული ოცნების" წარმომადგენელიც ითხოვს


ბექა ნაცვლიშვილი
ბექა ნაცვლიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს მისი პროექტი დაგროვებითი პენსიის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

ნაცვლიშვილის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის კანონის მიღებით შეიქმნა ახალი ტიპის საპენსიო სისტემა, რაც წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ბოლომდე ვერ პასუხობს სამართლიანი და ღირსეული საპენსიო სისტემის ჩამოყალიბების საჭიროებას.

ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტით, რომელსაც საპარლამენტო კომიტეტები უკვე განიხილავენ, უნდა შეიქმნას მეორე საპენსიო სვეტი, რომელიც ეფუძნება თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპს.

კერძოდ, დღევანდელი დასაქმებულები აფინანსებენ არსებულ პენსიონერებს, ხოლო დღევანდელ დასაქმებულებს პენსიაზე გასვლის შემდეგ დააფინანსებენ იმ დროის დასაქმებულები.

კანონპროექტის მიხედვით, მეორე სვეტის შენატანები ნაწილდება დამსაქმებელსა და სახელმწიფოზე დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასის სავალდებულო 2-2%-ის ოდენობით და ირიცხება საპენსიო ფონდში მოქალაქის ანგარიშზე თაობათა შორის სოლიდარობის განსაზღვრული სარგებლის სქემისთვის.

ნაცვლიშვილის კანონპროექტით, როდესაც მოქალაქე მიაღწევს საპენსიო ასაკს, სახელმწიფო და დამსაქმებელი შენატანებს შეწყვეტენ. მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, პენსიაზე გასვლის შემდეგ კი ნებაყოფლობითია პენსიონერებისთვის, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG