Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიო კილაძე: „ქართულ ოცნებაში“ არავინ არავის აკავებს


„თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა არავინ არავის აკავებს“, - განაცხადა უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა, სოფიო კილაძემ ეკა ბესელიასა და მისი მომხრეების მიერ „ქართული ოცნების“ დატოვების მოლოდინთან დაკავშირებით.

„ვინ წავა, ვინ წამოვა და ასე შემდეგ, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა და როგორც არაერთხელ ითქვა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა არავინ არავის აკავებს“. - განაცხადა კილაძემ.

მისი თქმით, უმრავლესობას ჯერ არ უმსჯელია ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ შემუშავებული კანონპროექტის გარშემო. თუმცა მას, როგორც იურისტს, აქვს შეკითხვები კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.

„ბუნებრივია, მე მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტს, ამასთან დაკავშირებით. ნამდვილად არსებობს აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციას, ბუნებრივია, გვერდს ვერ ავუვლით“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

ეკა ბესელიასა და კიდევ რვა დეპუტატის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესის 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ამ კანონპროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში განხილვის შედეგზე იქნება დამოკიდებული ეკა ბესელიასა და მისი მომხრეების „ქართულ ოცნებაში“ დარჩენის საკითხი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG