ოპოზიციურმა საპარლამენტო პარტიამ „ევროპულმა საქართველომ“ პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართა, მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას და ორმხრივი შეხვედრებისას მკაფიოდ მოითხოვოს რუსეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი ახალი საერთაშორისო სანქციების ჩამონათვალში საქართველოს საკითხის შეტანაც.
საუბარია ახალ სანქციებზე, რომელთა დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე თავდასხმის და დიდ ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის მოწამვლის გამო.
"ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება იქნება არა უბრალოდ შეცდომა, არამედ დანაშაული" - განაცხადა პარლამენტის წევრმა "ევროპული საქართველოდან" გიორგი კანდელაკმა.
დეპუტატის თქმით, ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიის გამო საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში წარუდგინეს რეზოლუციის პროქტი, რომელიც აგრესიის დაგმობასთან ერთად საქართველოს მთავრობას ავალებს მუშაობას, რათა რუსეთისთვის დასაწესებელი სანქციების მოთხოვნებში გაჩნდეს საქართველოს საკითხი კერძოდ, ამ ეტაპზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.“
„ევროპული საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, რეზოლუციის პროექტის განხილვა შემდგომი გაჭიანურების გარეშე შედგეს უკვე მომავალ კვირაში.
ოპოზიციური პარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, შეასრულოს დანაპირები და სიაში შეიყვანოს რუსეთის საოკუპაციო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობდნენ გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაში, ან დანაშაულის დაფარვაში და ჯერ არ არიან ამ სიაში.