Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICC: თუ კობა გვენეტაძე ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ვერ დაიცავს, უნდა გადადგეს


"თიბისი ბანკი"
"თიბისი ბანკი"

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობამ (ICC Georgia) დაგმო “თიბისი ბანკსა” და მის დამფუძნებლებზე თავდასხმა.

ორგანიზაციის შეფასებით, თავდასხმა ხორციელდება მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურის, მათ შორის პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მეშვეობით.

ICC Georgia მიიჩნევს, რომ მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან საჯაროდ გააკრიტიკა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, და უკავშირდება ივანიშვილის პირად დღის წესრიგს ბანკის და ანაკლიის პორტის მიმართ.

ორგანიზაციის შეფასებითვე, „თიბისი ბანკზე“ მიზანმიმართულმა თავდასხმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს და მისი ფინანსური სექტორის სანდოობას, სასამართლოსა და პროკურატურის საქმიანობაში წლების განმავლობაში მთავრობის ქრონიკულმა ჩარევამ ამ ინსტიტუტების დისკრედიტაცია გამოიწვია, „თიბისი ბანკის“ გამო ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების იგივე ზეწოლა და ჩარევა კი გამოიწვევს ეროვნული ბანკის დისკრედიტაციასაც.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საქართველოს წარმომადგენლობა მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტოს „თიბისი ბანკსა“ და მის დამფუძნებლებზე თავდასხმები.

ICC Georgia ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს მიმართავს, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლების ზეწოლას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი გადადგეს საკუთარი ღირსების და რეპუტაციის შესანარჩუნებლად.

14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისათვის.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს ამჟამად პროკურატურა იძიებს.

„თიბისი ბანკმა“ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში 15 თებერვალს გაასაჩივრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG