Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის სკოლებიდან ამოიღებენ სახელმძღვანელოს, რომელიც ყირიმელი თათრების პროტესტს იწვევს


უკრაინა, ქალაქი ქერჩი: ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი
უკრაინა, ქალაქი ქერჩი: ყირიმელი თათრების დეპორტაციის მსხვერპლთა მემორიალი

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სკოლებიდან ამოიღებენ ყირიმის ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ სახელმწიფო სათათბიროს ყირიმელი წევრის, რუსლან ბალბეკის განცხადებაზე დაყრდნობით.

მანამდე ყირიმელ თათართა საბჭომ მიმართა ნახევარკუნძულის დე ფაქტო ხელისუფლებას სკოლებიდან სახელმძღვანელოს ამოღების თხოვნით.

საბჭოში უკმაყოფილებას იწვევს ის, თუ როგორ არის ასახული მეორე მსოფლიო ომში ყირიმელი თათრების მონაწილეობა და მათი დეპორტაცია 1944 წელს. მიმართვაში ნათქვამია, რომ სახელმძღვანელოში დეპორტაცია წარმოდგენილია, როგორც ისტორიულად გამართლებული ფაქტი. ამ გარემოებაში ისინი ხედავენ სიძულვილის გაღვივებისა და ადამიანის ღირსების დამცირების ნიშნებს.

მანამდე სახელმძღვანელო გააკრიტიკა რუსლან ბალბეკმაც. მისი თქმით, ყირიმის ისტორიის ახალ სახელმძღვანელოში ომის შესახებ მოყვანილია „საეჭვო მონათხრობი ოკუპანტებისადმი ყირიმელი თათრების, თითქოსდა, მასობრივი მხარდაჭერის შესახებ“.

1944 წლის 18 მაისს ნახევარკუნძულიდან შუა აზიაში გააგზავნეს ყირიმელი თათრების პირველი ეშელონი. სულ სამ დღეში ყირიმიდან გადაასახლეს 180 ათასზე მეტი ადამიანი. მათგან 30 ათასზე მეტის სიცოცხლე დეპორტაციის პირველ წელს შეიწირა შიმშილობამ და სიცივემ. მოგვიანებით საბჭოთა კავშირის, შემდეგ კი რუსეთისა და უკრაინის მთავრობებმაც აღიარეს დეპორტაციის უკანონობა.

2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ ყირიმელ თათრებს აუკრძალა მასობრივი დეპორტაციის დღის აღნიშვნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG