Accessibility links

site logo site logo

მამუკა ბახტაძე მამუკა ხაზარაძისგან წერილის მიღებას უარყოფს


მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე არ ადასტურებს, რომ წერილი მიიღო „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძისგან.

„მე ასეთი ოფიციალური წერილი ნამდვილად არ მიმიღია. რაც შეეხება იმას, რომ არ გამოვეხმაურე, ესეც არ შეესაბამება რეალობას. მე ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლის წევრიც გახლავთ ბანკი, მქონდა შეხვედრა მათივე ინიციატივით“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

21 თებერვალს, ფეისბუქით გავრცელებულ წერილში მამუკა ხაზარაძე აღნიშნავდა, რომ არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ფულის გათეთრების აბსურდული ბრალდებით მიყენებული სერიოზული რეპუტაციული ზიანით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანს პირადად მისწერა და შესაბამისი დოკუმენტებიც გაუგზავნა.

პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა ჰკითხეს ეროვნული ბანკის პოზიციაზეც, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვა მიზანშეუწონელია.

მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან მიმდინარეობდა ობიექტური ზედამხედველობის პროცესი და რეალობის ამსახველია ეროვნული ბანკის და „თიბისი ბანკის“ მიერ 21 თებერვალს გავრცელებული ერთობლივი განცხადება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ახლახან, როცა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ, Fitch-მა საკრედიტო რეიტინგი რეგიონში მხოლოდ საქართველოს გაუზარდა, მნიშვნელოვან წინაპირობად აღნიშნა სწორედ ის, რომ ეროვნული ბანკი ატარებს სწორ პოლიტიკას და მდგრადია საბანკო ფინანსური სექტორი.

„ეს არის კონკრეტული ფაქტი, დანარჩენი ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიაში და ნებისმიერ ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ მისცეს შეფასება ნებისმიერ საკითხს“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ. მისი თქმით, ალბათ, შეფასებები იქნება პარლამენტის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზეც, რაც მისასალმებელია, რადგან როცა არსებობს შეკითხვები, მათზე უნდა იყოს პასუხებიც.

რაც შეხება იმას, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომიტეტის სხდომაზე სავარაუდოდ, არ მივა, ბახტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია, ამიტომ ვერ შეაფასებს მისი პრეზიდენტი სად და როდის უნდა მივიდეს.

"პარლამენტის წინაშე არსებობს ანგარიშვალდებულება, მაგრამ ამასთან ერთად ვიხილეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა და "თიბისი ბანკმა" გააკეთეს ერთობლივი განცხადება და მე პირადად როგორც მოქალაქე, ამას მივესალმები" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG