Accessibility links

site logo site logo

სახალხო დამცველი - "ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა"


თბილისი

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა სპეციალური ანგარიში საქართველოში ატმოსფერული ჰაერისდაბინძურების ხარისხზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ საკითხის შესწავლამ ნათელყო, რომ "ატმოსფერული ჰაერის დაცვის კუთხით ვითარება კვლავ მძიმეა".

პრობლემებს შორის სახელდება ის, რომ: "ქვეყანაში არ ხდება ჰაერის დაბინძურების ზუსტი გავლენის შეფასება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, რის უმთავრეს მიზეზადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგის არსებული სისტემა სახელდება. კერძოდ, ჰაერის დაბინძურებას 6 ქალაქში განთავსებული 10 სადამკვირვებლო სადგური სწავლობს, რაც ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვან სურათს არ იძლევა; არ არის ინტეგრირებული მოდელირების სისტემა; არ იზომება ჰაერში ყველა იმ მავნე ნივთიერების კონცენტრაცია, რომელთა ნორმებსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე დაბინძურებული ჰაერის შეფასების პროგრამის ასამოქმედებლად მუშაობს".

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რიგ მავნე ნივთიერებასთან ერთად "განსაკუთრებით სახიფათოა მტვრის ნაწილაკები, რაც გაცილებით დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას ვიდრე სხვა ნებისმიერი ნივთიერება".

ნაშრომის ავტორები სატრანსპორტო სექტორში მდგომარეობასაც აფასებენ და წერენ ტექნიკური ინსპექტირების ხარვეზებზე - "ინსპექტირება არ ითვალისწინებს ავტომანქანის გამონაბოლქვ აირებში ძირითადი დამაბინძურებლების, და უმთავრესად, აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების შემცველობის კონტროლს, რაც სისტემის მნიშვნელოვანი სისუსტეა".

დოკუმენტი ეხება: მუნიციპალური ტრანსპორტის მდგომარეობას, საწვავის ხარისხის შემოწმების სისტემის არასრულფასოვნებას, სამშენებლო პროცესში მყარი ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის არასათანადო რეგულირებას, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების სიმწირეს.

სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში ჰაერის დაცვის სფეროში მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო სრულად არ ასახავს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, აგრეთვე თბილისის მმართველობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG