Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპატრიარქო სასურველად მიიჩნევს დეკანოზ მამალაძის საქმის გამოძიების მასალების გასაჯაროებას  


საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, გამონაკლისის სახით დაუშვან დეკანოზ გიორგი მამალაძის გამოძიების საქმის მასალების გასაჯაროება. „მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.“-აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიმართვის ადრესატია პატიმრობაში მყოფი დეკანოზიც. მისგან საპატრიარქო ასევე ითხოვს მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილი წერილის გამოქვეყნებას:

ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ), პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, ჩვენი მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს.“- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საპატრიარქო ალოგიკურ მოქმედებად მიიჩნევს, ერთის მხრივ, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხის დაყენებას კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მეორეს მხრივ კი პარალელურად მიმდინარე „დეზინფორმაციის, ცილისწამების, მუქარისა და კარვის გაშლის“ პროცესს. ამ პროცესს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებისა და თანამდგომების მიერ ეკლესიის წინააღმდეგ „ადრე დაწყებული კამპანიის“ გაგრძელებად აფასებს. „სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას,“- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადების საპასუხოდ საქართველოს გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ არ აპირებს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების დეტალების გასაჯაროებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG