Accessibility links

site logo site logo

რუსეთში მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კიბერუსაფრთხოების ორ ექსპერტს


მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილ თანამშრომელ სერგეი მიხაილოვსა და „კასპერსკის ლაბორატორიის“ ყოფილ მენეჯერ რუსლან სტოიანოვს, რომლებიც დამნაშავედ ცნო სახელმწიფოს ღალატში.

მიხაილოვს 22 წლით პატიმრობა შეუფარდეს. ის საინფორმაციო უსაფრთხოების განყოფილებაში მუშაობდა. ხოლო სტოანოვისთვის გამოტანილი განაჩენია 14 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის ხელმძღვანელობდა კიბერინციდენტების საგამოძიებო ჯგუფს „კასპერსკის ლაბორატორიაში“.

სასამართლო პროცესი დახურული იყო. გამოძიების ვერსიით, მიხაილოვმა და სტოიანოვმა 2011 წელს აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიჰყიდეს საიდუმლო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ეხება კომპანია „ქრონოპეის“ ხელმძღვანელის, აშშ-ში კიბერდანაშაულებში ეჭვმიტანილი პაველ ვრუბლევსკის საქმეს.

უფრო ადრე გავრცელებული ცნობებით, მსჯავრდებულებს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ ამერიკელებისათვის იმ ჰაკერებზე ინფორმაციის გადაცემასთან, რომლებმაც გატეხეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის სერვერები 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

ამერიკის სპეცსამსახურების ინფორმაციით, აშშ-ში საარჩევნო კამპანიის დროს ჰაკერული თავდასხმების უკან იდგა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG