Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა სტრატეგიულ პროექტებზე იმსჯელეს


საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, სალომე ზურაბიშვილმა და ილჰამ ალიევმა ბაქოში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ განიხილეს ყველა საკითხი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების დღის წესრიგშია.

ილჰამ ალიევის შეფასებით, ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს ეწვია საქართველოს პრეზიდენტად არჩევიდან მოკლე ხანში, აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ორი ქვეყნის ურთიერთობები.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ისტორიულ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები დღეს მაღალ დონეზეა ეკონომიკის, პოლიტიკის და სხვა სფეროებში. „საქართველო და აზერბაიჯანი ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებაში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სოლიდარობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ერთმანეთს“ - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოსთან ერთობლივი პროექტების, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის რეგიონულ და საერთაშორისო მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ვართ სწორ გზაზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ აზერბაიჯანმა თავის მეზობლებთან, კასპიის აღმოსავლეთში მდებარე ქვეყნებთან მიაღწია შეთანხმებებს, რის შემდეგაც ტვირთბრუნვა უფრო გაიზრდება“ - თქვა ილჰამ ალიევმა.

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ერთობლივი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტებით საქართველომ და აზერბაიჯანმა მსოფლიოს აჩვენეს რეგიონის მნიშვნელობა და პოტენციალი.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს აზიის და ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს კასპიის ზღვის მიმართულებით, საქართველო თავის მხრივ, ევროკავშირის დახმრებით მუშაობს, რომ შავ ზღვაზე სტრანსპორტო კავშირები განვითარდეს საქართველოს, რუმინეთს და ბულგარეთს შორის და გაუმჯობესდეს საქართველოს ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მზად არის ამ დარგში ინვესტიციები განხორციელდეს აზერბაიჯანის მონაწილეობითაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG