Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ჯაშს ურჩევენ აზერბაიჯანელების საკითხზე განცხადების ტექსტი შეცვალოს


„კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს, მისი პოლიტიკური ხედვები და განცხადებები მოქალაქეობის კონსტიტუციურ იდეას დაუახლოვოს და არ დაუშვას საქართველოს მოქალაქეების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა გამოიწვია საქართველოს აზერბაიჯანელ თემთან დაკავშირებით გაკეტებულმა მარიამ ჯაშის საჯარო განცხადებამ. 26 თებერვალს მან თქვა, რომ „აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს, როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე“.

მიუთითა, რომ არის საკითხები, რომელიც თანაბრად პრობლემურია საქართველოში მცხოვრები როგორც ეთნიკური უმცირესობებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვისაც.

აღნიშნა ასევე, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკურად ქართველი ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახელმწიფო ორმხრივი მოლაპარაკებების და თანამშრომლობის საშუალებებს გამოიყენებს აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან.

კოალიცია პრობლემურად მიიჩნევს მარიამ ჯაშის განცხადების იმ მონაკვეთს, სადაც მან საქართველოს ტერიტორიაზე ისტორიულად მცხოვრები აზერბაიჯანელი თემი სხვა სახელმწიფოსთან მოლაპარაკებების საგნად განიხილა და საკუთარი მოქალაქეების მიმართ ნაცვალგების მიდგომა გამოიყენა.

„საკუთარი მოქალაქეების სხვა სახელმწიფოსთან პირდაპირი დაკავშირება არსებითად აზიანებს ინტეგრაციის პროცესს და აღრმავებს ეთნიკური უმცირესობების გარიყულობასა და იზოლაციას. სამწუხაროა, რომ დეპუტატს სახელმწიფოს და მოქალაქეობის კონსტიტუციური იდეის ძირეული პრინციპები სათანადოდ არ ესმის და საკუთარ მოქალაქეებს ერთგვარად ახარისხებს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ დეპუტატის განცხადებაში გამოჩნდა ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი სოციალური და უფლებრივი გამოწვევების არაღიარების პრობლემაც.

კოალიცია მოუწოდებს მარიამ ჯაშს, გადახედოს საკუთარ განცხადებას და გააკეთოს დამაზუსტებელი ახალი საჯარო განცხადება, რათა მსგავსი შინაარსის პოლიტიკურმა ტექსტებმა ხელი არ შეუწყობს არადომინანტ ჯგუფებში გარიყულობის განცდას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG