Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლეობის კანდიდატებთან დახურული გასაუბრების კონსტიტუციურობას სასამართლო დაადგენს


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ სარჩელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. დავის საგანია მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომებზე ჩატარება.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ინფორმაციის თავისუფლების ფორმალურ და შინაარსობრივ მოთხოვნებს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ პოზიციაა, რომ არც ერთი საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, შეზღუდოს საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, მასზე არ მომხდარა ამ უფლებამოსილების დელეგირება და ამასთან, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე დასწრება საჯარო ინტერესის საგანია.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა დაინტერესებული პირების უფლება, მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ წარსდგა მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. ამასთან, არ არის ხელმისაწვდომი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების შედეგები.

მოსარჩელის პოზიციით, მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციის მოპოვებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის და შესაბამისად, სადავო რეგულაცია არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებებს.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2009 წელს დამტკიცებული "მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის" 127-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. სხდომა 11 საათზე დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG