Accessibility links

site logo site logo

ლევან ახვლედიანი: ანაკლიის პორტის ინვესტორებისგან იყო შეშფოთების მესიჯები


ლევან ახვლედიანი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ მიიჩნევენ, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გარშემო ბოლო ხანს განვითარებული მოვლენები გარკვეულ გავლენას მოახდენს ანაკლიის პორტის მშენებლობაზე.

„რა თქმა უნდა, ესეთი გვერდითი მოვლენები, რომელიც ეხება მთავარ სპონსორებს ამ პროექტის, ზეგავლენას ამ პროექტზეც იქონიებს“ - ამბობს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

მისი ინფორმაციით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესი ჯერჯერობით არ შეჩერებულა. „თუმცა, აუცილებელია ეს გაუგებრობა მოგვარდეს, სიცხადე მოეფინოს და დასრულდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენმა პროექტმა, ჩვენმა ინვესტორებმა თავისუფლად მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილებები“ - უთხრა ჟურნალისტებს ლევან ახვლედიანმა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე მოვლენების გამო, ინვესტორებისგან იყო შეშფოთების შემცველი მესიჯები. „კონკრეტულად გვითხრეს, რომ თუ ეს არ მოგვარდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ამ პროექტთან მიმართებაში იქნება ძალიან რთული“ - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

საქართველოს გენერალური პროკურატურა გასული წლის აგვისტოდან იძიებს „თიბისი ბანკის“ 10 წლისწინანდელ ტრანზაქციებს. პროკურატურა ამ ფინანსურ ოპერაციებში ხედავს ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მონაწილეობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ნიშნებს.
ორივე მათგანი ამას კატეგორიულად უარყოფს. მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ და პირადად მის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანია და ზეწოლა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს გამოაცხადა, რომ ხელმოწერის უფლება შეუჩერა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის.

ეროვნულმა ბანკმა ამ გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. მანამდე ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკი" მილიონი ლარით დააჯარიმა. ორივე გადაწყვეტილება სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

21 თებერვალს, „თიბისი ბანკის“ აქციონერები დათანხმდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნას სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაწვევის და მილიონი ლარის ჯარიმის გადახდის შესახებ და სასამართლო დავა შეწყვიტეს.

იმავე დღეს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტოვებს "თიბისი ბანკს" და საქმიანობას გააგრძელებს ანაკლიის პორტის პროექტში. „მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“ - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის მიერ 21 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG