Accessibility links

site logo site logo

შსს: საფრანგეთში დააკავეს ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები


საფრანგეთში ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავეს საქართველოს ოთხი მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ჟანდარმერიისა და ქართველი სამართალდამცავების თანამშრომლობის შედეგად და ქართველი პოლიციელების უშუალო მონაწილეობით, 13 თებერვალს, საფრანგეთის ქალაქ რეიმსსა და მის შემოგარენში ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის დროსაც დააკავეს საფრანგეთში მოქმედი ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი.

შსს-ს ცნობით, ერთი მათგანი ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წევრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებულები სისტემატურად ქურდავდნენ მაღაზიებსა და კომერციულ ცენტრებს და ამ დროისთვის დადგენილია მათი მონაწილეობა 17 ქურდობაში.

პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები და სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმელი, ეტიკეტის მოსაშორებელი სპეციალური დანა, ხელნაკეთი ქამარი, რომელშიც მოპარული ნივთებს მალავდნენ, ასევე, ქურთუკი, რომელშიც მოთავსებულია ნაქურდალის დასამალი ალუმინის ყუთი, მეხსიერების ბარათი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა პირის ბერძნული და ლიეტუვური დოკუმენტები, ფულის გადარიცხვების დოკუმენტები და მოპარული ლეპტოპი.

საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით ბრალად ედება ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილი ქურდობა, მოპარული ნივთების შენახვა-რეალიზაცია და კრიმინალური დაჯგუფების წევრობა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, ქართველმა და ფრანგმა სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტებზე ამხილეს ამავე დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი, რომელთა დასაკავებლად გრძელდება ერთობლივი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG